თსუ-ში ნაცემი სტუდენტი, ლუკა შველიძე, სახალხო დამცველს უნდობლობას უცხადებს

17 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაცემი ლუკა შველიძე სახალხო დამცველს უნდობლობას უცხადებს.
ომბუდსმენმა ფაქტზე საქმე მტკიცებულებების არარსებობის გამო დახურა – იოსელიანის მტკიცებით, დაზარებულ მხარეს არ აქვს მტკიცებულებები, რომლებიც მომხდარში სახელმწიფო უწყებების ჩარევას დაადასტურებს.
ამასთან, თსუ-სა და ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტებზე, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული და გამოკითხული მოძალადეები, რომლებიც შველიძეს თავს დაესხნენ. შველიძე ამბობს, რომ ისინი “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ფრთასა და სხვადასხვა უწყებებში არიან დასაქმებულნი.
“უნდობლობას ვუცხადებ ამჟამად უკვე სახალხო დამცველსაც, აქამდეც ვუცხადებდი უნდობლობას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციას. იქიდან გამომდინარე, რომ საქმეზე მე მაქვს დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ დღემდე გამოკითხულები არ არიან მოძალადეები, დღემდე ამოუცნობები არიან მოძალადეები, რომელი მოძალადეებიც ხალხმაც და ტელევიზიებმაც ამოიცნეს. ეს პიროვნებები არიან “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ფრთაში, დასაქმებულნი არიან “ქართული ოცნების” სხვადასხვა ინსტანციაზე, დასაქმებულნი არიან აიპებში. მაგრამ პოლიცია, სახალხო დამცველი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვერ ადგენენ მათ”, – ამბობს შველიძე.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს თსუ-ში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, ახალგაზრდები პროტესტის გამოხატვასა და ბანერების გაშლას ცდილობდნენ, რა დროსაც ახალგაზრდებს რამდენიმე უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მიღებული დაზიანებების გამო, ლუკა შველიძე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შველიძის პალატაში უცნობი პირი იარაღით შეიჭრა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, კაცი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, დავით კახნიაშვილია. ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარზე გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო.

ასევე ნახეთ:
· თსუ-ში ნაცემ სტუდენტს, ლუკა შველიძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ასევე დაგაინტერესებთ