„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა – გიორგი ვაშაძემ და ლაშა ბაქრაძემ კოტე აფხაზის ქუჩაზე აქცია-პერფორმანსი გამართეს.
პარტიის წევრებმა პუბლიცისტისა და მწერლის, აკაკი ბაქრაძის სახლის წინ თეთრ ნაჭერზე შავი საღებავით ჯერ წრე შეღებეს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადმოფინეს.
ლიდერების თქმით, თეთრ ფონზე შავი წრე გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა.
„გვაქვს ერთი წინადადება ქართველი საზოგადოებისთვის. ეს ყველას ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს. გვინდა, რომ მთელს ქალაქში და შემდეგ უკვე მთელს ქვეყანაშიც ჩანდეს ის, რომ ადამიანებს აწუხებთ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი წინააღმდეგობის სიმბოლოდ თეთრ ნაჭერზე შავი წერტილი გადაიქცა. ჩვენი წინადადებაა, რომ ყველამ შეღებოს თეთრი ნაჭერი და გადმოფინოს ფანჯრიდან, როგორც დროშა. ადამიანები დაინახავენ, რომ ჩვენ ვართ ბევრი; რომ ეს საკითხი გვაწუხებს; რომ მარტო ერთ ადგილას კი არ ხდება აქცია, არამედ მთელს ქალაქში და ქვეყანაში“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.