პოლიტოლოგ, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თავმჯდომარეობიდან გადარჩევის შემდეგ პარტიიდან არ გავიდა და დღემდე ეს პროცესი გაწელა.
მისი ვარაუდით, ნიკა მელიას გვერდით იქნება ყველა ის ცნობადი სახე, რომლებმაც მასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს ან უბრალოდ ვერ მიიღეს ხაბეიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას აქვს მოლოდინი, რომ ნიკა მელიას მიერ დაფუძნებულ ახალ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის დაძლევა არ გაუჭირდება.
„რეალურად, ეს დაპირისპირება დასრულდება იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა ის პირი დატოვებს, ვინც ნიკა მელიას უჭერდა მხარს და ვისთვისაც მიუღებელია პარტიის დღევანდელი პოლიტიკა. ვგულისხმობ, კეზერაშვილ-მერაბიშვილთან „ბლიცს“, რბილად, რომ ვთქვათ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რეალურად ეს პროცესი დასრულდება. შეიძლება პრობლემამ თავი იჩინოს, მაშინ როდესაც საარჩევნო სიებზე მიდგება საქმე, მაგრამ ეს ალბათ, მომავალი წლის შემოდგომისთვის იქნება და ისიც რამდენიმე კაცი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ფრთაზე განაწყენებული, რომელიც სერიოზული დანაკლისი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვერ იქნება.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რეალურად ეს პროცესი დასრულდა. ნიკა მელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ ხნის განმავლობაში, რაც თავმჯდომარეობიდან გადაირჩიეს დღემდე ეს პროცესი გაწელა, მაშინვე პარტიიდან არ გავიდა და ასევ ვთქვათ, ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ მიიღო. უკვე აუცილებელი იყო გადაწყვეტილება მიეღო, რადგან დრო არის ძალიან ცოტა. რა თქმა უნდა, შეიძლება მას ცოტა კიდევ მოეცადა, მაგრამ ამას არანაირი აზრი არ ჰქონდა. ნიკა მელიას საკმაოდ ბევრი საქმე აქვს, ასევე ბევრი სამუშაო, ამიტომ დროზე თუ მოახდენს ორგანიზაციის ფორმირებას, არა მარტო ცენტრში, არამედ რეგიონებში შექმნის პარტიულ ჯგუფებს, სტრუქტურულად გამართულ პარტიას გააკეთებს, მით უკეთესი მისთვის. ალბათ, მის გვერდით იქნება ყველა ის ცნობადი სახე, რომლებმაც მასთან ერთად დატოვეს ან უბრალოდ ვერ მიიღეს ხაბეიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე. როგორი იქნება ეს პარტია? ვფიქრობ, რომ ამ პარტიას უფრო სასტარტო პოზიცია მგონია იქნება ისეთი, რომ 5%-იანი ბარიერის დაძლევა პრინციპში არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს თუ არა? ამას ძალიან მალე დავინახავთ, როგორ ააწყობს საქმეს, როგორი იქნება მისი აქტიურობა, როგორი იქნება მისი მხარდაჭერა. ალბათ, 1-2 დღეში ცხადი გახდება და გამოჩნდება რამდენად ძლიერი პარტიაა.
მიუხედავად იმისა, რომ ის 5%-იან ბარიერს, ალბათ, დაძლევს, მაინც საფიქრალი იქნება კოალიციაში მონაწილეობაზე. ალბათ, ეს ცოტა მოგვიანებით უნდა მოხდეს, მაგრამ ნიკა მელია საკმაოდ მისაღები ფიგურაა წვრილი ოპოზიციური პარტიებისთვის. გააჩნია ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ სახეებიდან ვინ იქნება მის გვერდით. მელია თავად მიუღებელი არ არის ოპოზიციისთვის, არც ამომრჩევლისთვის მაინცდამაინც, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ნეიტრალურ ამომრჩეველს, მაგრამ შესაძლოა მიუღებელი აღმოჩნდეს ისეთი ფიგურები, რომლებმაც კი თქვა წარსულს დავტოვებო, მაგრამ წარსულს არ დაატოვებინებენ“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა.
ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც „ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის“.