პესკოვმა ჯერ უარყო, შემდეგ კი დაადასტურა, რომ „ორეშნიკის“ გამოყენება ამერიკელებს აცნობეს

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჯერ უარყო, შემდეგ კი დაადასტურა, რომ რუსეთმა -ს წინასწარ აცნობა უკრაინის წინააღმდეგ ახალი რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენების შესახებ.
21 ნოემბერს, გვიან ღამით, პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ „გაფრთხილება“ რაკეტის გაშვებამდე 30 წუთით ადრე „ავტომატურ რეჟიმში გაიგზავნა“ ბირთვული საფრთხის შემცირების ეროვნული ცენტრის ხაზით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და მუდმივი კავშირი აქვს -ის ანალოგიურ სისტემასთან.
დაახლოებით ერთი საათით ადრე, პესკოვმა ამავე სააგენტოს განუცხადა, რომ რუსეთს წინასწარი შეტყობინება არ გაუგზავნია აშშ-ის, ან რომელიმე სხვა ქვეყნისთვის, რადგან საშუალო მანძილზე მოქმედების რაკეტების შემთხვევაში მსგავსი ვალდებულება არ აქვს.
პუტინის პრესმდივნის პირველი განცხადების შემდეგ, სააგენტო Reuters-მა ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთმა „ორეშნიკის“ გაშვების შესახებ შეერთებულ შტატებს აცნობა ბირთვული საფრთხის შემცირების არხით.
21 ნოემბერს, რუსეთის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით, ATACMS და Storm Shadow შეუტია რუსეთის სამხედრო ობიექტებს ბრიანსკის და კურსკის ოლქებში, თუმცა საჰაერო თავდაცვამ ეს შეტევები მოიგერია.
პუტინის თქმით, ამერიკული და ბრიტანული იარაღის გამოყენების პასუხად, 21 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში (დნეპრი) საშუალო მანძილზე მოქმედების უახლესი ბალისტიკური რაკეტით, „ორეშნიკით“ დაარტყეს რაკეტების და სხვა იარაღის მწარმოებელ უმსხვილეს ქარხანას. პუტინის მტკიცებით, არ არსებობს საშუალება, რომელიც „ორეშნიკს“ წინააღმდეგობას გაუწევს.
სატელევიზიო მიმართვისას პუტინმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს იარაღი გამოიყენოს სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იმ ქვეყნებისა, რომლებიც თავისი იარაღის რუსული ობიექტების წინააღმდეგ გამოყენების ნებართვას იძლევიან.
რუსეთის პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინმა აღიარა ამ წლის განმავლობაში ესკალაციისა და ომის გაფართოებისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი. პირველ ასეთ ნაბიჯად ზელენსკიმ დაასახელა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის არმიის სულ მცირე 11 ათასი ჯარისკაცის ჩართვა.
ზელენსკის შეფასებით, პუტინის ქმედებებზე მსოფლიოს ძლიერი რეაქცია ჯერჯერობით არ ჩანს. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს მიმართა, რომ პუტინი მათ გამოცდას უწყობს და თუ მკაცრ რეაქციას არ დაინახავს, იგივეს გააგრძელებს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი ტყუის, როცა ამბობს, რომ ესკალაციისკენ ახალი ნაბიჯი უკრაინამ გადადგა შორ მანძილზე მოქმედების იარაღის გამოყენებით, რადგან უკრაინას მსგავსი იარაღი პირველად არ გამოუყენებია და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, თავდაცვის მიზნით ამის სრული უფლება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე