ახალი პროდასავლური ოპოზიციური პარტიით გავაგრძელებთ ბრძოლას 2024 წელს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კირთაძის თქმით, ის არ გამორიცხავს ნიკა მელიასთან თანამშრომლობას, თუმცა განმარტავს, რომ მასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია.
რაც შეეხება პარტიის შექმნას, კირთაძის განცხადებით, ამას ბევრი დრო არ დასჭირდება.
„ჩვენ დავტოვეთ პარტია და ვთქვით რომ ვრჩებით ბრძოლაში, ბუნებრივია, ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ ახალი პროდასავლური ოპოზიციური პარტიით გავაგრძელებთ ბრძოლას 2024 წელს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად, ქართველი ხალხი მივაღწევთ ამ რეჟიმის დემონტაჟს. რაც შეეხება თანამშრომლობას ნიკასთან, ეს არც არასდროს გამომირიცხავს, პირიქით, მიმაჩნია, რომ ნიკა არის პროდასავლურ ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული, გულწრფელი და კარგი ლიდერი და, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული მასთან თანამშრომლობა, მაგრამ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ არც კონსულტაციები გაგვივლია ამ ნაწილში, არც ნიკასა და არც სხვებთან. საბოლოოდ კი ვფიქრობ, რომ ნიკაც, სხვა ბევრი ღირსეული ადამიანისგან შემდგარ ახალ ერთობას აქვს პოლიტიკური მომავალი ამ ქვეყანაში“,- განაცხადა კირთაძემ.
მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან ლევან ხაბეიშვილთან პარტიის დატოვებისას კომუნიკაცია არ ჰქონია.
„ხაბეიშვილთან კომუნიკაცია ნამდვილად არ მქონია, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი რჩება, ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ და სჯერათ ამ ქვეყნის წარმატების და, რა თქმა უნდა, მათთან არათუ კომუნიკაციას, ურთიერთობასაც აუცილებლად გავაგრძელებ და მეტიც, ამ ადამიანებთან ერთად ვფიქრობთ ჩვენ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის ჩამოშლას“,- განაცხადა კირთაძემ.
ცნობისთვის, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ და ასევე, ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ 4 დეკემბერს დატოვეს. აღნიშნულის შესახებ გიორგი კირთაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.