ქაიხოსრო ჩოლოყაშვილსა და კოტე აფხაზს რამდენი ადამიანი უჭერდა მხარს, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ისინი გმირები იყვნენ , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გედევან ფოფხაძემ პალიტრანიუსის გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
ფოფხაძის თქმით, მთავარია აქციაში მონაწილე ადამიანების მოტივაცია, რომლებსაც სჯერათ, რომ ბოროტებას უპირისპირდებიან.
“მე მესმის, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან აქტუალურია თავების დათვლა, მაგრამ ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ აქციის დარბევის მეორე დღეს ხალხი გამოვიდა თბილისის ქუჩებში, ვიყავით ძალიან ბევრნი, ხელისუფლება გაიწია და ჩვენ ჭავჭავაძის გამზირზე ძალიან მშვიდად და წყნარად მივედით. ასე რომ, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მოტივაცია, რომლებიც ვართ ქუჩაში – რამდენად გვჯერა იმის, რომ იქით არის ბოროტება, რომელსაც უნდა შევასკდეთ და შევაკვდეთ ბოლომდე, რამდენად გვჯერა, რომ იქით არის ის ძალა, რომელიც არის სამართალმემკვიდრე და სულიერი მემკვიდრე მოღალატეთა თაობების – სერგო ორჯონიკიძეებისა და ფილიპე მახარაძეების. ეს თუ ბოლომდე გვაქვს გააზრებული, რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ქაიხოსრო ჩოლოყაშვილსა და კოტე აფხაზს რამდენი ადამიანი უჭერდა მხარს, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ისინი გმირები იყვნენ, რომლებიც ქვეყნისთვის იბრძოდნენ. მე ვარწმუნებ მდინარაძეებსაც და ნებისმიერ კოლექტიურ ივანიშვილის მსახურებს, რომ მათი მოტივაცია და ჩვენი იმდენად კონტრასტულია, რაოდენობას ნუ ითვლიან. მათ, შეიძლება, ამოძრავებდეთ ვერცხლისმოყვარეობა, რომლის გამოც არიან ხელისუფლებაში, ჩვენ გვამოძრავებს სამშობლოს სიყვარული. ის ერთიანობა, რაც იქ არის, არის მხოლოდ ამ მოტივით განპირობებული”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ფოფხაძე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელსაც, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შეიტანა.
ფოფხაძის თქმით, ეს არის პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა. მისივე განმარტებით, ივანიშვილსაც სჭირდება ქვეყნის სივრცეში დაბრუნება, რადგან ის არის საქართველოს შვილი და არ უნდა იყოს რუსეთის მსახური.
“პრეზიდენტის სარჩელი არის მცდელობა იმის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში, არ გავიდეს სამართლებრივი პროცესიდან იმიტომ, რომ იქიდან არის ერთი დიდი დანაშაული ჩადენილი, რასაც ჰქვია არჩევნების გაყალბება და ახლა მზადდება მეორე დანაშაული, რასაც ჰქვია ხელისუფლების უზურპაცია. პრეზიდენტი ცდილობს, რომ ამ ერთ დანაშაულს არ მოჰყვეს მეორე დანაშაული. თუ პრორუსული მარიონეტული ხელისუფლება გააგრძელებს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობებს იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას აკეთებს, ბუნებრივია, ეს მცდელობა აღმოჩნდება ფუჭი, მაგრამ აქეთ არის პროევროპული, დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრი, ამიტომ პრეზიდენტი სხვანაირად ვერ მოიქცევა და, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არც თავისუფალია და არც დამოუკიდებელი, მთლიანად პოლიტიკურ კონიექტურაზეა მორგებული და ჯიბეში ჰყავს ბიძინა ივანიშვილს ჩასმული, ეს გზები არის ამოსაწური იმისათვის, რომ ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვიყოთ იმაში დარწმუნებული, რომ ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ ივანიშვილი დაგვებრუნებინა ამ ქვეყნის სივრცეში, რომ მისთვისაც გვეგრძნობინებინა, რომ ის უნდა იყოს საქართველოს შვილი და არა რუსეთის მსახური. ჩვენ ეს უნდა ვცადოთ, ჩვენ ხელი ივანიშვილსაც უნდა გავუწოდოთ იმიტომ, რომ ის ქართველია, მაგრამ თუ ის ანტიქართულ და პრორუსულ საქმეს გააკეთებს, უნდა შეეგუოს იმას, რომ ისტორიის სამსჯავროზე მისი განსჯა მოხდება”, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.