ალექს ჩიღვინაძე: განგაში დიდი ხნის წინ იყო ასატეხი

ავტორი: ალექს ჩიღვინაძე, მწერალი, დრამატურგი. [ტექსტი პპირველად გამოქვეყნდა ავტორის ფეისბუქის გვერდზე].
უვიცობა, გაუნათლებლობა, არაპროფესიონალიზმი და არაკეთილსინდისიერება არასოდეს ყოფილა ისეთი დაფასებული, როგორც ქართული ოცნების მმართველობის დროს. ტყუილი და ძალმომრეობა ნორმად აქციეს. ყველაფერი რაც დემოკრატიის არსებობისთვის აუცილებელია ხელიდან გამოგვაცალეს – სამართლებრივი ინსტიტუტები იქნება, საგანმანათლებლო თუ კულტურული.
განგაში დიდი ხნის წინ იყო ასატეხი.
“ხვალ ჩამოვშლით. წელში გადავამტვრევთ და ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ!” – მსგავსი განცხადებები შეიძლება ხალხის გასამხნევებლად არის, მაგრამ ფრუსტრაციის გამოწვევაც შეუძლია. იმიტომ რომ საქართველო დიდი ხანია იქცა ადგილად, სადაც იმედები გარეთ უნდა ეძებო. მხოლოდ შარშან 163 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში. ამაზე დებს ფსონს ივანიშვილიც. იმედოვნებს, რომ თუ პუტინს გამოუვიდა, თუ ლუკაშენკოს გამოუვიდა, მასაც არ შეექმნება დიდი პრობლემა.
სად გამორბიან, გაეპროტესტებინათ თავის ქვეყანაში, რა ეხაჭაპურებად და ეხინკლებად – ს და ბელორუსიის მოქალაქეებს რომ ვაკრიტიკებდით ჩვენი მაღალი მორალური პიედესტალებიდან. ახლა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვაჩვენოთ, შეგვიძლია უკეთესი მოქალაქეობა თუ ჩვენც იგივე თარგზე ვართ მოჭრილები. ობიექტებად ყოფნას ვამჯობინებთ თუ სუბიექტებად?
მჯერა, რომ სიტუაციის შეცვლა მხოლოდ ისეთ საზოგადოებრივ ინიციატივებს შეუძლია, რომელიც ხალხის რეალურ პრობლემებზე იქნება ორიენტირებული.
სადაც არ უნდა დავდგეთ, იქ უნდა დავაყენოთ სოციალური საკითხები. სულ უნდა ვიმეორეთ ის, რაც თითქოს ასეთი ცხადია. ქუჩაში დავდგებით? იქ უნდა დადგეს მინიმალური ხელფასის საკითხი (მილიონერ დეპუტატების მინიმალური ხელფასი 8000 ლარია, როცა ექთნებს, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის გათენებულ ღამეებში რამდენიმე ასეულ ლარს უხდიან. მიზერული ხეფასები აქვთ ბაღის აღმზრდელებს, მასწავლებლებს, მემანქანეებს, მეეზოვეებს და იმ ადამიანებს ვის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება. ამ ადამიანებს ხელფასიდან ხელფასამდე მიღწევა უჭირთ, როცა ქალაქის მერი მხოლოდ გარდერობში ხარჯავს მილიონს)
სადაც დავდგებით, იქ უნდა დადგეს პროგრესული გადასახადების საკითხი (საქართველოს მოქალაქე და ოლიგარქი კრიპტო ფერმებით, სასტუმროებით, სამშენებლო ბიზნესით, ბანკებით და კაზინოებით ერთნაირ გადასახადს რატომ უნდა იხდიდნენ)
სადაც დავდგებით, იქ უნდა დადგეს დავალიანების საკითხი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალებში იხრჩობა. ოჯახები იძულებულნი არიან სესხი აიღონ ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად – საკვების და მედიკამენტების შესაძენად, რომელთა ფასიც დღითიდღე იზრდება.
სადაც დავდგებით, იქ უნდა დადგეს საცხოვრებლის საკითხები. საცხოვრებლის უფლება ხომ არ არის მხოლოდ ჭერის ქონა თავს ზემოთ. ეს არის უფლება იცხოვრო ღირსეულ, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში. სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით კი პრაქტიკულად არ არსებობს.
სადაც დავდგებით, იქ უნდა დადგეს ხარისხიანი ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხი. იმიტომ რომ განათლება ეხმარება ადამიანებს სიღარიბის დაძლევაში, ათანაბრებს შესაძლებლობებს, ამცირებს კრიმინალსა და ძალადობრივი შემთხვევების მასშტაბებს.
ამ საკითხებს ხშირად გვერდს უვლიდნენ ოპოზიციური მედიები, ის პოლიტიკოსები ვისაც მხოლოდ ევროპა აკერია პირზე. სინამდვილეში, როცა ვამბობთ ევროპას, ვგულისხმობთ სოციალურ სახელმწიფოს. ვამბობთ ჩვენი ადგილი ევროპაშია, პირველ რიგში, ვგულისხმობთ ამ საკითხების მოგვარებას.
ს გაყალბება და ხმების წართმევა ნიშნავს, რომ ამ თემებს ისევ მიჩქმალავენ, ისევ გადაიდება ამ პრობლემების მოგვარება და ისევ ეროვნული ცირკის არენა შეგვრჩება ხელში, სადაც ჯგუფი “ყველას” სიმღერის ფონზე შავნიღბიანი სპეცრაზმელი ჰაერში აისვრის ჰაეროვან გოგონას ევროკავშირის დროშით, ჩვენ კი ფაშიზმის ღია ხახაში ჩავდებთ თავს და დავკმაყოფილდებით იმით თუ ეს თავი მხრებზე შეგვრჩება.
P.S. დღეს არის სასამართლო პროცესი. 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო, 19 წლის ომარს და 23 წლის საბას 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.