“შუა დერეფნის” მარშრუტზე ტვირთბრუნვა გაიზარდა – აქცენტი ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვებზე კეთდება

10 თვეში „შუა დერეფანში“ საერთო ტვირთბრუნვამ 3.8 მლნ ტონას მიაღწია, რაც წლიურად 68%-იანი ზრდაა – ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრმა ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე განაცხადა. თოლგატ ლასტაევის თქმით, ამავე პერიოდში თითქმის გასამმაგებულია საკონტეინერო გადაზიდვები, რაც 46 300 TEU ერთეულს შეადგენს.
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო, რომ ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მარშრუტზე 27 600 კონტეინერი გადაიზიდა, რაც 25-ჯერ აღემატება წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემს. გარდა ამისა, ჩვენ ვიზიდავთ ტვირთის დამატებით მოცულობას და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ჩინეთიდან საკონტეინერო მატარებლების რაოდენობა წელიწადში 600-მდე გავზარდოთ“, – განაცხადა ლასტაევმა.
აღსანიშნავია, რომ 10 თვის სტატისტიკა განაახლა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციამ. მათი მონაცემებით, ამ მარშრუტით 2 853 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ჯამში 2.7 მლნ ტონა ტვირთი იყო გადატანილი.