ევროკავშირთან ექსპორტი 9 თვეში $390 მლნ-ით შემცირდა და კიდევ შეიძლება შემცირდეს – ზვიად ჭუმბურიძე

ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებზე უარყოფითად უკვე აისახა. ბოლო 9 თვის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტი 31%-ით არის შემცირებული, რაც თანხაში 390 მლნ. დოლარს შეადგენს. „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივანი არ გამორიცხავს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს.
,,როდესაც პოლიტიკური ურთიერთობები და ვითარება შენს პარტნიორებთან გეძაბება, რა თქმა უნდა ძალიან მოკლე პერიოდში ეს აისახება ეკონომიკაზე. ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ მყიფე. ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული წიაღისეული – ნავთობი, გაზი, რომელიც რეგიონშიც გამოგვარჩევს და გაძლიერებისთვის გაცილებით მეტ საშუალებას მოგვცემს. ასევე, არ გვაქვს წარმოების მაღალი წილი ეკონომიკაში. ბოლო 9 თვის მაჩვენებლებს თუ ვნახავთ, ევროკავშირთან ექსპორტი 390 მლნ. ამერიკული დოლარით არის შემცირებული, რაც 31%-ით დაბალია წინა მონაცემებზე. ეს ნიშნავს, რომ უკვე აისახა ბოლო პერიოდში დაძაბული პოლიტიკური ბატალიები. შეიქმნა ერთგვარი კრიზისული მაჩვენებლები. ეს უკვე მაჩვენებელია იმისა, რომ ეს კიდევ შეიძლება შემცირდეს და მერე აღდგენას ძალიან დიდი და ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება.”- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
საქართველო ევროკავშირთა ექსპორტს ამცირებს, დსთ-ს ქვეყნებთან კი ზრდის. ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ბოლო 10 თვის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პირველ სამეულში ყაზახეთი, და აზერბაიჯანი შედიან. „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივანი რეგიონის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ საჭიროა ეკონომიკისა და ბაზრების დივერსიფიკაცია. ზვიად ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ რეგიონისა და დსთ-ს ქვეყნები საქართველოსთვის ევროპულ ბაზარს ვერ ჩაანაცვლებს.
,,პირადად მე თუ მკითხავთ, რა თქმა უნდა ყველა ქვეყანასთან უნდა ივაჭრო. აზერბაიჯანთან, სომხეთთან, შენი რეგიონის ქვეყნებთან, ასევე დსთ-ს ქვეყნებთან. ბოლო 10 თვის მონაცემებით პირველი სამეული ჩვენი ექსპორტისთვის არიან ყაზახეთი, ყირგიზეთი და აზერბაიჯანი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც ყაზახეთი, ყირგიზეთი და აზერბაიჯანი შენ ევროპულ განზომილებას ჩაგინაცვლებენ. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს და კარგია, რომ იზრდება ამ ქვეყნებთან ვაჭრობისა და ექსპორტის წილი, მაგრამ მთავარი მიმართულება ეკონომიკისთვის არის დივერსიფიკაცია, რომელიც უნდა მოხდეს ევროპულ განზომილებაში. ამის ყველა ინსტრუმენტს გვაძლევს თავისუფალი ვაჭრობა. თავისუფალი სავიზო რეჟიმი ბიზნესს აძლევს საშუალებას თანაბარ პირობებში ჩადგეს პარტნიორებთან. რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა ამაზე მეტი? დანარჩენი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. იმიტომ, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს და რეფორმებს, არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის, ევროპელები ვერ შეგისრულებენ. უკვე ჩანს, რომ პოლიტიკურმა ვითარებამ აშკარად იმოქმედა ექსპორტზე. რა თქმა უნდა ძალიან კარგია ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი. ეს ჩვენი რეგიონის დიდი ნაწილია და აქ თანამშრომლობა აუცილებელიც არის. მაგრამ, ის რომ ტოპ ათეულში არც ერთი ევროპული ქვეყანა არ არის ეს უკვე არასახარბიელო მაჩვენებელია. საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა და აქაც უმჯობესი იქნება აქცენტი მაინც ევროპულ ქვეყნებზე გაკეთდეს. ბიზნესი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი ფასებისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შესაბამისად ალაგებს ამას, მაგრამ სხვა პერსპექტივა და სხვა ალტერნატივა ამ ქვეყანას არ გააჩნია გარდა ევროპულისა.”- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში შექმნილ ვითარებას ზვიად ჭუმბურიძე ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებითა და პარტნიორებთან ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობებით ხსნის. „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივანი განმარტავს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებული ურთიერთობები ქვეყნისთვის მომგებიანი არ არის. მისივე თქმით, საქართველომ რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივა ამოწურა და ქვეყანას ევროპულ სივრცეში დაბრუნების ალტერნატივა არ გააჩნია.
,,ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ევროკავშირთან და აშშ-თან ნამდვილად არ არის მომგებიანი, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის. 3 ათწლეულზე მეტია, რაც ეს ურთიერთობები დავიწყეთ და ვავითარებთ. ეს იყო ჩვენი არჩევანი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. რა თქმა უნდა, როცა შენს სტრატეგიულ პარტნიორთან გიჩნდება სირთულეები და შემდეგ საუბარია ურთიერთობების გადატვირთვაზე, ეს ნიშნავს, რომ კატასტროფულად აზიანებ პირველ რიგში ქვეყნის იმიჯს, შენს საგარეო პოლიტიკას და თავისთავად შენს მომავალ პერსპექტივას. საზოგადოებამ და ბიზნესმა, ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ როდესაც შენ ირჩევ დამოუკიდებლობის გზას და გინდა, რომ ქვეყანა განავითარო და დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქციო, სირთულეები არის, მაგრამ ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ და მივიღოთ ერთი მარტივი გადაწყვეტილება, რომ რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივა ჩვენ ამოვწურეთ. იმიტომ, რომ რეალურად სხვა გზა, შანსი გარდა ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ სივრცეში უფრო მეტი ჩართულობისა ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. არსებობს ამის სხვა ალტერნატივა? ნამდვილად არ არსებობს. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. იმიტომ არის, რომ ჩვენი მოსახლეობის 80% ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და ევროპულ ოჯახში დაბრუნებას.”- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.