20 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით თბილისში უკვე მესამედ იმართება. კონფერენციის ფარგლებში, საქართველო სხვადასხვა ქვეყნის 15-მდე დელეგაციას მასპინძლობს.
ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, III საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ მიმართა.
მისი თქმით, უწყების პრიორიტეტებია, რომ შესაბამის ბაზრებზე – უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი გარემო და ფასები, უწყების მიმართ ნდობის განმტკიცება, საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, რომ პოტენციური დარღვევების პრევენცია მოხდეს.
„საქართველოში 2020-2023 წლებში, განხორციელდა კონკურენციის კანონმდებლობის გაუმჯობესება, ანტიდემპინგური და მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულების დამატება. შედეგებს ადასტურებს – საზოგადოების მხრიდან გამოცხადებული ნდობის ხარისხის მზარდი მაჩვენებელი და სხვადასხვა ბაზრებზე გაუმჯობესებული კონკურენტული გარემო.
2024 წელს, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, სააგენტომ კანონის აღსრულების მექანიზმები საგრძნობლად გააძლიერა. ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტების შეფასებით, ბოლო 2 წელიწადში, კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისობა ევროპულ კანონმდებლობასთან 60%-დან 75%-მდე, მომხმარებლების უფლებების დაცვის კანონმდებლობის შესაბამისობა კი 70%-დან 85%-მდე გაიზარდა.
საქართველოში ეკონომიკა და ბიზნესი დინამიკურად ვითარდება, მიმდინარეობს პროცესების გაციფრულება და ჩვენი უწყების მიზანია ამ გამოწვევებს სათანადოდ ვუპასუხოთ. ჩვენი პრიორიტეტებია, შესაბამის ბაზრებზე – უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი გარემო და ფასები, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ნდობა ჩვენი უწყების მიმართ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, რომ მოხდეს პოტენციური დარღვევების პრევენცია. უზრუნველყოთ საკანონმდებლო/მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფა, კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით შევქმნათ საუკეთესო პრაქტიკა“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.
მისი განცხადებით, საერთაშორისო კონფერენცია 5 მარეგულირებელი უწყების ინიციატივით 2021 წელს დაფუძნდა და უკვე მესამე ღონისძიება იმართება.
„ვფიქრობ, აღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების ძლიერი და ეფექტური პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით. მოხარული ვართ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებთან ერთად თბილისიც არის იმ ჩამონათვალში, სადაც ყოველწლიურად კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე გაფართოებული მსჯელობა იმართება“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ; გერმანიის კონკურენციის ფედერალური სამსახურის პრეზიდენტმა, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის(ICN) მმართველი ჯგუფის თავმჯდომარემ, ანდრეას მუნდტმა.
ანდრეას მუნდტის განცხადებით მესამე საერთაშორისო კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის ექსპერტები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან, უზიარებენ ერთმანეთს დარგობრივ ცოდნას და გამოცდილებას.
„Bundeskartellamt-ს და საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის სააგენტოს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რა ტემპებით ვითარდება სააგენტო 2014 წლიდან და რამდენად წარმატებულია თავის საქმიანობაში“,- განაცხადა ანდრეას მუნდტმა.
უწყების ცნობით, 20-22 ნოემბერს, კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, დაგეგმილია 6 სამუშაო სესია და 2 პანელური დისკუსია. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (ICN, UNCTAD, OECD, The EU DG COMP, The EU DG JUSTICE), სხვადასხვა ქვეყნების უწყების წარმომადგენლებთან ერთად განხილული იქნება – კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გამოწვევები, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგები და პრაქტიკა.
კონფერენციაში 50-ზე მეტი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სპიკერი და 300-ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას.