მელინე არაკელიანი – ეუთო/ოდირი საუბრობს წინასაარჩევნო კამპანიის დროს არათანაბარ პირობებზე და არჩევნების დღეს მრავალრიცხოვან დარღვევებზე – ჩვენ ვუერთდებით ევროპის სხვა ქვეყნებს და ინსტიტუტებს, რომ საჭიროა მიუკერძოებელი გამოძიება

ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა თავისი დასკვნები და ჩვენ ველოდებით მათ საბოლოო ანგარიშს. წინასწარ ანგარიშში ისინი ხაზს უსვამენ არსებით დარღვევებს ს კონტექსტში. ისინი საუბრობენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს არათანაბარ პირობებსა და ასევე არჩევნების დღეს მრავალრიცხოვან დარღვევებზე. ჩვენ შევუერთდით ევროპის სხვა ქვეყნებს და ევროპულ ინსტიტუტებს, რათა მოვითხოვოთ მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება ყველა საჩივარზე და დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვრა, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატმა ინტერვიუში აღნიშნა, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შემაშფოთებელია მსგავსი დარღვევების დაფიქსირება.
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ამ მიზნით, ჩემმა ქვეყანამ, ნიდერლანდებმა, უფრო მეტი დამკვირვებელი გამოგზავნა, ვიდრე ჩვენ ჩვეულებრივ ვაკეთებდით ეუთო/ოდირის არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში. ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა თავისი დასკვნები და ჩვენ ველოდებით მათ საბოლოო ანგარიშს. წინასწარ ანგარიშში ისინი ხაზს უსვამენ არსებით დარღვევებს არჩევნების კონტექსტში. ისინი საუბრობენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს არათანაბარ პირობებსა და ასევე არჩევნების დღეს მრავალრიცხოვან დარღვევებზე. ნიდერლანდებმა გამოთქვა სერიოზული შეშფოთება ამ დარღვევების შესახებ, რადგან ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შემაშფოთებელია მსგავსი დარღვევების დაფიქსირება. ჩვენ შევუერთდით ევროპის სხვა ქვეყნებს და ევროპულ ინსტიტუტებს, რათა მოვითხოვოთ მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება ყველა საჩივარზე და დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვრა“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება გამოძიებას, ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამ გამოძიების სანდო გზით ჩატარება.
„ჩვენ ჩვენს მოსაზრებას ძირითადად ეუთო/ოდირის ანგარიშზე ვაფუძნებთ. ეს იყო ძალიან დიდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია. მათი დასკვნებიდან გამომდინარე, ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება. არ მინდა გავიმეორო მათ ანგარიშში წამოჭრილი ყველა საკითხი, მაგრამ ჩვენ მოვითხოვეთ მიუკერძოებელი სანდო გამოძიების ჩატარება, რადგან ეს ასევე აუცილებელია საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის აღსადგენად. ასევე მნიშვნელოვანია გაკვეთილის მიღება იქიდან, რაც არასწორად მოხდა. ეუთო/ოდირი ასევე ყოველთვის გასცემს რეკომენდაციებს საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან სანდო გამოძიება ჩატარდეს საფუძვლიანად და მოხდეს მისგან გაკვეთილების გამოტანა მომავალი არჩევნებისთვის.
როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ მოვითხოვეთ მიუკერძოებელი გამოძიება. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამ გამოძიების სანდო გზით ჩატარება“, – განაცხადა ელჩმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.