„2024 წლიდან უძრავი ქონების ბაზარზე, ქირის ფასების დაახლოებით 20%-იანი კლებაა მოსალოდნელი“, – ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში როგორც გასაქირავებელი, ისე გასაყიდი ბინების ფასები მიგრანტების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მკვეთრად იყო გაზრდილი. მომავალ წელს კი მათი დიდი ნაწილი ქვეყანას დატოვებს და მოთხოვნის შემცირება ფასებზე აუცილებლად აისახება.
„უძრავ ქონებაზე გაბერილი ფასები ომის მიგრანტების საქართველოში რელოკაციითაა განპირობებული. ბოლო წლებში ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა ქვეყანაში, რომლებმაც დაიწყეს ბინების ქირაობა და სწორედ ბინების ქირის ფასის გაზრდამ განაპირობა გასაყიდ ბინებზე ფასების ზრდა, როგორც ახალაშენებულზე, ისე ძველზე.
პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე დიდი ალბათობაა იმის, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის კონსერვაციის პროცესი დაიწყება და შესამჩნევია ის, რომ ომის ტურისტები ნელ-ნელა გადიან ქვეყნიდან. ამას რუსეთიდან გადმორიცხული თანხების შემცირებაც ადასტურებს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესი დადებითად აისახება უშუალოდ საქართველოს მოსახლეობაზე, რადგან მათთვის როგორც ბინის ქირაობა, ისე შეძენა, გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
„მომავალი წლიდან, სავარაუდოდ, აქტიურად დაიწყება სწრაფი უკუპროცესი და ეს გამოიწვევს როგორც გასაქირავებელი ბინების ფასების კლებას, რასაც ჯაჭვურად მიჰყვება გასაყიდ ბინებზე ფასების შემცირება
ეს პროცესი მიმდინარეობს არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმში და სხვა ქალაქებშიც, სადაც მიგრანტები არიან ჩამოსულები. როგორც მათი განწყობების შესწავლიდან ჩანს, ისინი თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდებიან. შესაბამისად, ამას დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე.
ეს, რა თქმა უნდა, შეღავათი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ძალიან გართულებული იყო მათთვის ბინის ქირაობა და კარგია, რომ ფასები დაიკლებს“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.