შსს – 18-19 ნოემბერს თსუ-ში არანაირი შტაბი არ ყოფილა განთავსებული – ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 18-19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში, განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყება განცხადებაში განვმარტავს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შტაბი ჰქონდა გაკეთებული და უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 18-19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში, განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.
განვმარტავთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო და პანთეონი არ არის დახურული სივრცე და იქ შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვისაც, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოთი აქციების პერიოდში თავისუფლად სარგებლობენ”, – ნათქვამია განცხადებაში.