სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებული 16 მოქალაქიდან 10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების მსხვერპლია. ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“19 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული 14 მოქალაქე და აქციის დაშლისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, კლინიკაში მყოფი 2 მოქალაქე მოინახულეს. იმ 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია. სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყოს და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება – ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები გადასცა, რომელშიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებია ასახული.
სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მსვლელობას”, – წერია განცხადებაში.
***
19 ნოემბერს, თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დაკავებულებს შორის იყო მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თსუ-ის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, ხოლო თბილისის მერიის სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირის დასუფთავება დაიწყო.
მალევე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათი დაკავება დაიწყო.