საქართველოში საბორნე გადაზიდვების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეა. დაიწყო საქართველოსა და ბულგარეთს პირდაპირი სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები, რომელიც კომპანია „საზღვაო ხაზი ე 60“-მა საკუთარი სარკინიგზო ბორანი „აია“-თი განახორციელა.
როგორც კომპანიის დირექტორმა, შალვა წაქაძემ, „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, საქართველოს ნავსადგურ ფოთსა და ბულგარეთის ნავსადგურ ვარნას შორის სარკინიგზო საბორნე მიმოსვლა უკვე დაიწყო და იგი სტაბილურად ხორციელდება ქართული დროშის ქვეშ მცურავი სარკინიგზო ბორან „აია“-თი.
ახალმა მიმართულებამ და გადაზიდვის ახალმა სახეობამ (სარკინიგზო გადაზიდვა) სრულიად ახალი შესაძლებლობები გახსნა არა მარტო შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ „შუა კორიდორის“ დატვირთულობის გაზრდისა და მისი სტაბილურად განვითარებისთვის.
ახალი მიმართულება უზრუნველყოფს საქართველოსა და ბულგარეთის რკინიგზებს შორის რეგულარული სარკინიგზო გადაზიდვების შესაძლებლობას, ამისთვის სპეციალურად აღჭურვილი ბორნით, რაც ხელს შეუწყობს შავი ზღვის გავლით ევროპასთან კავშირის გაძლიერებას.
გამომდინარე იქიდან, რომ შავ ზღვაზე გამავალი სარკინიგზო-საბორნე ხაზის ამუშავება უზრუნველყოფს „შუა კორიდორში“ არსებული სარკინიგზო გადაზიდვის ჯაჭვის უწყვეტობას ეს ინიციატივა „შუა დერეფნის“ მარშრუტის ეფექტიანობასაც გაზრდის და აუცილებლად მოზიდავს დამატებით ტვირთნაკადებს, რასაც დამატებითი ეფექტი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს სატრანსპორტო სისტემისთვის ეს სიახლე მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს. საბორნე გზით ტრანსპორტირება ქვეყნისთვის დიდ შესაძლებლობებს ხსნის როგორც სატრანზიტო გზის გააქტიურების, ასევე ეკონომიკური აქტივობების გაზრდის კუთხით. ქართული დროშის ქვეშ მცურავი სარკინიგზო ბორნის დახმარებით, საქართველო შავი ზღვის რეგიონის სატრანსპორტო კვანძში უფრო სტაბილურად და აქტიურად იწყებს მონაწილეობას, რაც არა მხოლოდ ლოგისტიკურ, არამედ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მნიშვნელობასაც იძენს.
1995 წელს აშენებული ბორანი „აია“ 2024 წელს შეისყიდა და განაახლა შ.პ.ს. „საზღვაო ხაზი ე 60“-მა. გემის ეკიპაჟი სრულად არის დაკომპლექტებული ქართველი მეზღვაურებისგან, ხოლო ბორანი საქართველოს დროშის ქვეშ დაცურავს.
სიახლის შესახებ, კომპანიის დირექტორი შალვა წაქაძე გვესაუბრება
– კომპანია „საზღვაო ხაზი ე 60“ 2022 წლის დეკემბერში დაარსდა, თუმცა ბაზარზე ოპერირება 2023 წლის 27 ივნისს დავიწყეთ, როცა პირველი საბორნე რეისი შევასრულეთ კონსტანცადან (რუმინეთი) ფოთის მიმართულებით. მას შემდეგ, კომპანია სტაბილურად მუშაობს. არ გვქონია არც ერთი გაუქმებული რეისი. თავიდან ერთი გემით დავიწყეთ ოპერირება, ახლა ორი გემი გვყავს. თებერვალში შევიძინეთ ჩვენი საკუთარი სარკინიგზო ბორანი, რომელსაც სახელად „აია“ დავარქვით. ახლა უკვე მეორე ბორანი გვაქვს შეძენილი, სახელად „დიოსკურია,“ რომელიც პოლონეთში იმყოფება და მალე ჩამოვა საქართველოში. კომპანია სწრაფი ტემპით იზრდება.
– რა სახის ტვირთები გადაგაქვთ ბატონი შალვა?
– დიდი დიაპაზონი გვაქვს. უზრუნველვყოფთ სატვირთო და მსუბუქი მანქანების, კონტეინერების, არაგაბარიტული ტვირთების და ასევე მგზავრების სწრაფ და კომფორტულ ტრანსპორტირებას. ბოლო დროს წამოვიდა სარკინიგზო ტვირთები. „აიას“ ბორტზე აქვს სარკინიგზო ლიანდაგი და მას აქვს შესაძლებლობა შავი ზღვის ერთი ნავსადგურიდან მეორეში გადაიყვანოს სავსე და ცარიელი სარკინიგზო ვაგონები. მიმდინარე 15 აგვისტოს გავაფორმეთ სამმხრივი ხელშეკრულება, საქართველოსა და ბულგარეთის რკინიგზებთან, რომლის ფარგლებშიც, 13 ნოემბერს, შემოვიყვანეთ პირველად რვა ვაგონი, ბულგარეთის ნავსადგურ ვარნიდან.
შავ ზღვაზე, 90-იან წლებში და შემდგომაც დაცურავდნენ შედარებით დიდი მზომის სარკინიგზო ბორნები, მაგრამ ისინი არ ასრულებდნენ პირდაპირ რეისებს საქართველოსა და ბულგარეთს შორის. ჩვენი რეისი ვარნა-ფოთი, ეს პირველი პირდაპირი რეისია და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა კომპანიამ ეს შეძლო.
– პირველად რა სახის ტვირთი ჩამოიტანა „აიამ“?
– ამ ეტაპზე, პირველი ტვირთი, ცარიელი ვაგონები გახლდათ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ეს ვაგონები დარჩენილი იყო ბულგარეთში. ამ ეტაპზე საქართველოდანაც გვაქვს ტვირთის გაგზავნაზე მოთხოვნა და რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია ექსპორტისთვის.
წარმოიდგინეთ, პირდაპირ შევდივართ რუმინეთში, ბულგარეთში. კლიენტების მხრიდან ამ ხაზზე დაინტერესება ყოველთვის იყო, ამიტომ ვცდილობთ, მივაწვდინოთ მათ ინფორმაცია, სხვადასხვა წყაროების საშუალებით. რა თქმა უნდა, მათთან პირდაპირი კავშირიც გვაქვს და ყველა ელოდებოდა თუ როდის შესრულდებოდა პირველი რეისი, როგორც გითხარით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტისთვისაც.
– პირველი რეისი ბულგარეთიდან საქართველოში უკვე შემოვიდა, ჩვენგან როდის გავა პირველი ბორანი?
– დაახლოებით ათ დღეში ან ორ კვირაში. მერწმუნეთ, წელიწად ნახევარი ძალიან მოკლე დროა, ამხელა საქმის გაკეთებისთვის, იმასაც თუ გავითვალისწინებთ შავი ზღვის რეალობას, როდესაც ორი დიდი ქვეყანა, საომარ მდგომარეობაშია, ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომს და ორივეს საზღვაო სივრცეები დაკეტილი აქვთ საომარი მოქმედებების გამო.
ჩვენმა კომპანიამ ამ მოკლე დროში ორი ქვეყანა რუმინეთი და ბულგარეთი უკვე აითვისა. ამ ეტაპზე დარჩა თურქეთი და მერწმუნეთ, აქაც გვაქვს გარკვეული მოსაზრებები.
(R)