თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის გადადგომას ითხოვს. ისინი ჯაბა სამუშიასგან ითხოვენ განმარტებას, როგორ მოხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები უნივერსიტეტის ეზოში. როგორც სამუშიასგან, ისე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსგან განმარტებას ელიან ლექტორებიც.
დღეს, 19 ნოემბერს უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ მიმდინარე აქციის დასარბევად შსს-ს თანამშრომლები რამდენიმე მხრიდან მივიდნენ ტერიტორიაზე, სადაც კარვები იყო გაშლილი. “მრავალკუთხედის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მათი ნაწილი თსუ-ს ეზოში შედის ჭავჭავაძის მხრიდან.
ჯაბა სამუშიასა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას ააყენებენ მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრები. გარდა უნივერსიტეტის ეზოში შსს-ს თანამშრომლების დაშვებისა, ისინი რექტორის მმართველ პარტიის დავალებების შესრულებაში და პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებენ.
“დღეს დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად! მოძალადეებმა უნივერსიტეტის ეზოს გავლით, მალულად შეძლეს აქციის სივრცეში შეღწევა და მისი დარბევა. ეს ყველაფერი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მისმა თვითაღიარებულმა აკადემიკოსმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაუშვეს. ჯაბა სამუშიას რექტორობა ფორმალური და ფიქტიურია. მას გარკვეული პრივილეგია აქვს ბოძებული მისივე პატრონი მმართველი პარტიისგან. ეს პრივილეგია უნივერსიტეტის შიდა საქმეებით და ბიუროკრატობით შემოიფარგლება, სხვა შემთხვევაში ის ასე ასრულებს ყველაფერს, რასაც მმართველი კლასი ჩასძახებს. ლოგიკურია, სამუშია მისთვის გადმოგდებულ ულუფას, რექტორის სავარძელს კბილებით იცავს”, – ვკითხულობთ სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამუშიას გადადგომას მოითხოვს სტუდენტური მოძრაობა “ევროპული ხიდიც” [ყოფილი “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის”]. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტუდენტებისთვის კარის უნივერსიტეტის კარის ჩაკეტვასა და პოლიციელებისთვის უნივერსიტეტის ეზოში თავისუფლად გადაადგილებაზე პასუხისმგებლობა რექტორმა უნდა აიღოს.
“ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას, რისთვისაც ის პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხს აგებს, თუმცა ამ ყველაფერში ყველაზე შემზარავი ის გარემოებაა რომ, მაშინ, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი დახურული იყო სტუდენტებისთვის, ის გაიღო ძალოვანი უწყებებისთვის. ქართულმა ოცნებამ არსობრივად შეისისხლხორცა რუსული რეჟიმი, რის ინსტრუმენტადაც უკვე საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც იყენებს. ნებისმიერი ტიპის განცხადება უკვე დაგვიანებულია, თუმცა ვითხოვთ მყისიერ განმარტებას ივანე ჯავახიშვილის გზას აცდენილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან და მოვითხოვთ უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, სასწრაფოდ აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე და დღესვე დატოვოს დაკავებული თანამდებობა”, – ვკითხულობთ სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოძრაობის დამფუძნებელია სოფო მოლაშხია. მან ჯაბა სამუშიას პირადად მისწერა ფეისბუქის გვერდზე და მისი პასუხი საჯაროდ გამოაქვეყნა. მოლაშხიას ცნობით, სამუშია მას სწერს, რომ თსუ-ს ეზო არ იკეტება და შსს-ს დანაყოფების დიდი ნაწილი იქ ვარაზის ხევის გავლით მოხვდა. თუმცა, “ნეტგაზეთმა” გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ შსს-ს თანამშრომლები უნივერსიტეტის 1-ელ და მე-2 კორპუსებს შორის არსებული შლაგბაუმიდან გამოდიან. დაბურულმინებიან მანქანების მიახლოებისას, საიდანაც “ნეტგაზეთის” ჟურნალისტმა პოლიციელების გარჩევა შეძლო, შლაგბაუმი იღება [სავარაუდოდ, თსუ-ს დაცვის სამსახურის ნებართვით] და ისინი გამოდიან ჭავჭავაძის გამზირზე.
იმის გასარკვევად, ინფორმირებული იყო თუ არა უნივერსიტეტი შსს-ს დანაყოფებისა და მანქანების მიერ ეზოს გამოყენების შესახებ, ან რა ტიპის კომუნიკაცია იყო მათ შორის, “ნეტგაზეთმა” დაკავშირება სცადა როგორც თსუ-ს ადმინისტრაციასთან, ისე პირადად ჯაბა სამუშიასთან. თუმცა, მათ არც ზარებსა და არც შეტყობინებებს არ უპასუხეს.
მომხდარს ეხმაურებიან უნივერსიტეტის ლექტორებიც.