„დაკავებულებს პოლიციის მანქანაშიც გაუსწორდნენ“ – რას ჰყვებიან იზოლატორიდან გამოსული ადვოკატები

აქციებზე დაკავებულთა დასაცავად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებული ქსელის იურისტები 19 ნოემბერს ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორებში, დოღომსა და ზაჰესში, ხვდებიან.
იურისტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დემონსტრანტების უმეტესობა სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ლაპარაკობს.
ნესტან ლონდარიძემ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულა ორი დაკავებული.
როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, ორივე მათგანი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა დაკავებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთ მათგანს სახეზე აღენიშნება დაზიანებებიც:
„შევხვდი ერთ-ერთ დაკავებულს, ალექსანდრე ქავთარაძეს. როგორც მომიყვა, მას არანაირი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. ამბობს, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს აკავებდნენ, მის შორიახლოს იდგა და ამ დროს ისიც დააკავეს. სახეზე აქვს დაზიანება. ჰყვება, რომ სამართალდამცავები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ ავტომობილში – ურტყამდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებლად მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რათა დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე“, – ამბობს ნესტან ლონდარიძე.
მისივე თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ლაპარაკობს კიდევ ერთი დაკავებული, რომელიც მან ცოტა ხნის წინ მოინახულა:
„ვისაც შევხვდით ადვოკატები, ყველა დაკავებული დემონსტრანტის მიმართ ძალაა გადამეტებული. სახესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში აქვთ დაზიანებები მიღებული. დემონსტრანტთა ნაწილის შემთხვევაში, გადამეტებული ძალა გამოიყენეს დაკავებისას, ნაწილის მიმართ კი – ავტომობილებში“.
დაკავებულები მოინახულეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტებმაც.
ნინო ხუციშვილი, საიას იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რამდენიმე დაკავებულის მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენების გამოძიების მოთხოვნით, სავარაუდოდ, ისინიც მიმართავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
„სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, თუმცა ფიზიკური ძალადობის კვალი დაკავებულებს აღენიშნებათ“.
აქციებზე დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების ფაქტებზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულზე, აპრილსა და მაისში, აქვს გამოძიებები დაწყებული. მაშინ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.
დაკავებულებიდან ნახევარზე მეტი, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე მიუთითებდა. მათ შორის რამდენიმეს კლინიკაში მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჯამში 138 შეტყობინება შევიდა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.
თუმცა გამოძიებას, შვიდის თვის თავზე, ჯერაც არ გამოუვლენია არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს აქციის მონაწილეების მიმართ.
19 ნოემბერს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.
პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.
19 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა (მუხლი 173) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (მუხლი 166) 19 ნოემბერს დაკავებულია 16 პირი. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დაკავებულთა შესახებ განსხვავებულ მონაცემს გვაწვდის საია. მათი განცხადებით, გაერთიანებული ქსელის ცხელ ხაზზე, ამ დროისათვის 18 დაკავებულის შესახებაა ინფორმაცია შესული. მათგან ოთხი – სამი ქალი და „მთავარი არხის“ ოპერატორი – ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.
რადიო თავისუფლება ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ გადაამოწმოს ინფორმაცია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ. ამ დროისათვის, მათგან ველით ინფორმაციას.