ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალმა”, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის საკითხებზე, სათაო ოფისისა და საფილიალო ქსელის მენეჯმენტისთვის ტრენინგი ჩაატარა.
“კრისტალისთვის“ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ გზას, რომელიც კომპანიამ ამ ღირებულების ხელშეწყობისთვის გაიარა და მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორია ამჟამად გენდერული სურათი „კრისტალის“ მენეჯმენტის, თანამშრომლებისა თუ მომხმარებლების ჭრილში, რა უპირატესობები აქვს გენდერულად მრავალფეროვან მენეჯმენტსა და გუნდს.
საგულისხმოა, რომ „კრისტალის“ მომხმარებლების უდიდეს ნაწილს რეგიონებში მცხოვრები მეწარმე ქალები წარმოადგენენ. შესაბამისად, ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი მათი საჭიროებების, გამოწვევებისა და პერსპექტივების განხილვას დაეთმო. ამას გარდა, მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რამდენად ღირებული და სარგებლის მომტანია ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათთვის სწორი პროდუქტების, სერვისებისა თუ პრაქტიკული გადაწყვეტილებების შეთავაზება და შემდგომი მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ტრენინგს, თანამშრომლებთან ერთად, „კრისტალის“ მენეჯმენტიც ესწრებოდა.
„კრისტალი“ ქალების მხარდაჭერაზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და დღევანდელი შეხვედრაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ეხმარება თანამშრომლებს, უფრო სიღრმისეულად შეძლონ ამ მისიის შესრულება. ეს ტრენინგი კომპანიის მრავალწლიანი მუშაობისა და ძალისხმევის გაგრძელებაა“, – განაცხადა „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ.
„ცნობილია, რომ მსოფლიო ეკონომიკა 7%-ით უფრო სწრაფად გაიზრდებოდა, ქალები მეწარმეობაში კაცების მსგავსად რომ იყვნენ ჩართულები, ამიტომ „კრისტალისთვის“, როგორც ბიზნესკომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ქალებსა და კაცებს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ. ამასთან, ჩვენი მომხმარებლების 60% ქალია, ამიტომ სწორი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებისთვის, აუცილებელია, მათი საჭიროებები და მოთხოვნილებები ზედმიწევნით გვესმოდეს. ჩვენი თანამშრომლები კი უფრო მგრძნობიარეები იყვნენ მომხმარებელი ქალების გამოწვევების მიმართ“, – აღნიშნა „კრისტალის“ უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ.
ტრენინგი თეორიულთან ერთად ჯგუფურ, ინტერაქტიურ სამუშაოებსაც მოიცავდა. პრაქტიკული მაგალითებისა და როლური სავარჯიშოების დახმარებით, „კრისტალის“ თანამშრომლებმა ქალების ხელშეწყობისა და გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ ღირებული ცოდნა მიიღეს.
„ტრენინგით გვინდოდა, მონაწილეებისთვის პრაქტიკულად გვეჩვენებინა, თუნდაც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად. გვეამაყება, რომ პროექტს აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ, რადგან ამ ერთიანობით გაცილებით ძლიერები ვართ“, – აღნიშნა „კრისტალის“ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია ქობალიამ.
აღსანიშნავია, რომ “კრისტალისა” და აზიის განვითარების ბანკის პარტნიორობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მეწარმე ქალების მხარდაჭერაა. 2023 წელს კომპანიამ საფონდო ბირჟაზე 25 მილიონი ლარის გენდერული ობლიგაციები სწორედ აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით განათავსა. ობლიგაციები მიმართულია მეწარმე ქალებისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ, მათ მიერ დაფუძნებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებისა და ეკონომიკური გაძლიერებისკენ. პროექტი სამხრეთ კავკასიაში გენდერული ობლიგაციების გამოშვების პირველი პრეცედენტი იყო, შესაბამისად, მას რეგიონის მასშტაბითაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
საგულისხმოა, რომ “კრისტალი” ამჟამად საბანკო ლიცენზიის მიღებას ელოდება და ამ პროცესში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი ღირებულებების გაძლიერებაზე კვლავაც აქტიურად მუშაობს. ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერასა და მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას კომპანია მიკრობანკად ტრანსფორმაციის შემდგომაც განაგრძობს.