აქციაზე შსს-მ ჯამში 16 ადამიანი დააკავა

დღეს, 19 ნოემბრის დილას, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე აქციის დაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 16 ადამიანი დააკავეს.
როგორც -მ ნეტგაზეთს უთხრა, დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 174-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამი პირი უკვე გათავისუფლებულია.
ცნობისთვის, პოლიციამ გამთენიისას ძალის გამოყენებით დაშალა თსუ-სთან, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. მანამდე პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ აპირებდნენ აქციის დაშლას და მომიტინგეებს 15-წუთიან ვადას აძლევდნენ ჭავჭავაძის დასაცლელად, თუმცა აქციაზე მყოფი დემონსტრანტების უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი არავის გაუფრთხილებია მოსალოდნელ დაშლაზე.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს ავტოსაგზაო მოძრაობისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხების უფლებას. საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ შეკრების მონაწილეებს საკმარისად მიეცათ დრო, რათა გამოეხატათ საკუთარი აზრი და დაეფიქსირებინათ პროტესტი”, – განაცხადა შსს-მ.