,,ბჟანიას მიმართ აგრესია ძალიან გაიზარდა და ლოგიკურია მისი გადაწყვეტილება”- შმაგი სამხარაძე
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა. მედიაში მისი განცხადებაც ვრცელდება, სადაც წერია: ,,ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, ვაცხადებ გადადგომას აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან”. ცნობილია ისიც, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი ბჟანიას გადადგომის საკითხს დღეს, 19 ნოემბერს განიხილავს.
რა ხდება აფხაზეთში და რატომ მიიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება ასლან ბჟანიამ? ,,კომერსანტი” საკითხზე „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელს შმაგი სამხარაძეს ესაუბრა. სამხარაძე აცხადებს, რომ ბჟანიას გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან მის მიმართ აფხაზეთში აგრესიამ იმატა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ე.წ. პრეზიდენტი სოხუმში შესვლას ვერ ახერხებდა.
,,ასლან ბჟანიას ეს გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ ბოლოს 7-8 საათი მიმდინარეობა მოლაპარაკებები. ბჟანიას სოხუმში შესვლა წარმოუდგენელი იყო, რადგან იქ ხალხის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა მის წარმომადგენლებსა და ე.წ. ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები. ბჟანიას მიმართ აგრესია ძალიან გაიზარდა. ლოგიკურიც არის მისი გადაწყვეტილება. ერთადერთი, სადაც მას დაედგომებოდა იყო მისი სოფელი ტამიში, სადაც ის იმყოფებოდა ბოლო პერიოდი.”- აცხადებს შმაგი სამხარაძე.
„სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბჟანია თანამდებობის შენარჩუნებას შეეცადა. რუსეთის მხრიდან მის მიმართ ნეიტრალური განცხადებები კეთდებოდა. ოფიციალური მოსკოვის კრიტიკა უფრო მეტად ე.წ. ოპოზიციის მისამართით ისმოდა. რუსეთი აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვაში სწორედ ე.წ. ოპოზიციას ადანაშაულებდა.
,,რუსეთის მხრიდან კეთდებოდა თითქოს ნეიტრალური განცხადებები, მაგრამ რაღაც მხრივ უფრო მეტად კრიტიკული იყო ოპოზიციის მიმართ. მოწოდებები იყო, რომ მშვიდობიანად წარმართულიყო პროცესი, მაგრამ კრიტიკა იყო. მარია ზახაროვას განცხადება, რომ ვნახოთ მაინც ოდნავ აკრიტიკებდა ოპოზიციას სიტუაციის დაძაბვის გამო. სხვათა შორის, რუსმა დეპუტატმა ზატულინმაც გააკეთა განცხადება და ინტერვიუ მისცა. შემდეგ ეს კომენტარი აიღო ტელეგრამიდან. ინტერვიუში ის ორივეს აკრიტიკებდა. ე.წ. მთავრობასაც და ე.წ. ოპოზიციასაც. ზოგადად აფხაზეთს აკრიტიკებდა და ამბობს, რომ ძალიან უმადური ხალხია და ისინი ძალიან გაათამამეს. ზატულინი მიიჩნევა აფხაზების მეგობრად და მათ ხმად დუმაში. მაგრამ მალევე ააღებინეს ეს ინტერვიუ. ალბათ უკვე აღარანაირი შანსი აღარ არსებობდა ბჟანიას დარჩენის. სიტუაცია მწვავდებოდა. სხვა გზა აღარ ჰქონდა ბჟანიას.”- აცხადებს შმაგი სამხარაძე.
„სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში სავარაუდოდ 2 თვეში ჩატარდება. ვინ შეიძლება გახდეს ე.წ. პრეზიდენტი? კითხვაზე შმაგი სამხარაძე გვპასუხობს, რომ ე.წ. ოპოზიციიდან ადგურ არძინბა გამოირჩეოდა, რომელიც თავის თავს როგორც მომავალ პრეზიდენტს ისე წარმოაჩენდა.
,,ადგურ არძინბა საკუთარ თავს წარმოაჩენდა, როგორც პრეზიდენტს. ყოველთვის აქციების დროს ის უფრო მეტად მოზომილი იყო საკუთარ განცხადებებში. ადგურ არძინბა ყოველთვის იყო ისეთი ადამიანი, რომელიც არასდროს არ აკრიტიკებდა რუსეთს. რაღაც რომ მოხდებოდა ყოველთვის ცდილობდა დადებითი კომენტარი გაეკეთებინა. ის პროტესტის დროს ჩაცმულობითაც, როგორც მომავალი პრეზიდენტი ისე წარმოჩნდებოდა. განსხვავდებოდა სხვებისგან. სხვათა შორის, ადგურ არძინბა ბოლოს რუსეთზე, ინვესტიციებზე, მეგობრობაზე ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომ ჩვენ არ ვართ ანტირუსული ძალა. ერთხელ ისიც კი თქვა, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ აპარტამენტების კანონი. ის საუბრობდა იმაზე, რომ ასლან ბჟანიასთან დაკავშირებული არიან ოლიგარქიული წრეები, რომლებიც სულ სხვა მიზნით აპირებდნენ ამის გაკეთებას. თქვა, რომ ჩვენს პირობებში თუ მივიღებთ კანონს იქნება სახეშეცვლილი და უფრო ნაკლებად დააწვება ადგილობრივებს.”- აცხადებს შმაგი სამხარაძე.