სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება 19 ნოემბრის დილით, ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების ძალადობრივ დაშლას. უწყებაში ამბობენ, რომ მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აქციის მონაწილეთა დაკავება, აქცია იყო მშვიდობიანი და ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებში.
გარდა ამისა, ომბუდსმენი ეხმაურება პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს. ის მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს როგორც ჟურნალისტებზე, ისე აქციის მონაწილეებზე შესაძლო ძალადობის ფაქტები.
“სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. ამ დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი სერგი ბარამიძე, რომელიც როგორც ცნობილია დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია სხვა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების თაობაზეც. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველის რწმუნებულები მიემართებიან დაკავებული და დაშავებული მოქალაქეების მოსანახულებლად.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს ხელი უზრუნველყოს მოქალაქეებს მშვიდობიან შეკრება და ხელი არ შეუშალოს ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში. იმ. დაკავებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას “იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით”.
სახალხო დამცველის აპარატი შეახსენებს საზოგადოებას, რომ აპარატის ცხელი ხაზია – 14 81, რომელიც მუშაობს 24-საათიან რეჟიმში და უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს.