ომბუდსმენი აქციის დაშლაზე – მელიქიშვილზე აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს

სახალხო დამცველი განცხადებას აქვეყნებს გამთენიისას ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე მიმდინარე აქციის დაშლასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის თანახმად, “იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო1 მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში”.
ომბუდსმენი განცხადებაში წერს, რომ “ამ დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს”.
განცხადების გამოქვეყნების დროს დაკავებული იყო “მთავარი არხის” ჟურნალისტი სერგი ბარამიძე, რომელიც დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. “სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა”
სერგი ბარამიძე და აქციაზე დაკავებული რამდენიმე ადამიანი ხელწერით გაათავისუფლეს.
“სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება”
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ინფორმაცია აქციაზე დაკავებულების შესახებ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ დროისათვის, ორგანიზაციის ცხელ ხაზზე 12 დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია.
ამასთან სამი ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”, “სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა” და “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ხელმოწერით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გმობენ “მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობრივ აქტს” და მოუწოდებენ “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”.
ისინიც ეხმაურებიან უკვე გათავისუფლებული სერგი ბარამიძის საკითხს, ასევე აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველებმა “ფიზიკურად იძალადეს “პუბლიკის” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზეც. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესა და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, გივი ავალიანს”.
“საქართველოში პოლიცია უკვე მერამდენედ ატარებს ძალადობრივ ოპერაციებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რითაც უხეშად არღვევს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს”, – ნათქვამია სამი ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.
დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად -მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად
ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.
პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციელებმა დააკავეს აქციის მონაწილეები.