„იმის ნაცვლად ტრანსფორმატორების გაძლიერებას და უკეთეს ინფრასტრუქტურას ითხოვდნენ, ჩივიან, მაინერები და განვითარება გააჩერეთო“- ავთანდილ კუჭავა

რამდენიმე დღის წინ, მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება, რის გამოც ტრანსფორმატორი გათიშულია. მერია ამ ფაქტს უკონტროლო კრიპტო მაინინგს უკავშირებს და და მაინერების მფლობელებს მოუწოდებენ, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები.
„კრიპტო ბაზრის“ დირექტორი ავთანდილ კუჭავა „კომერსანტის დილის“ ეთერში მესტიის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მთავრობა მაინერებისგან უბრალოდ მტრის ხატის შექმნას ცდილობს, რადგან ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობისთვის უკეთესი ინფრასტრუქტურის შეთავაზება არ შეუძლია.
„სვანეთში მაინინგთან დაკავშირებით სამი ძირითადი პრობლემაა; რომელიც განსაკუთრებით ხალხისთვისაა გაუგებარი და მთავრობაზე არც არის ლაპარაკი, მთავრობა ასეთ დროს ყოველთვის მანიპულატორი იქნება. მთავრობას ეს მაინერები დაჭერილი ჰყავს, როგორც საფრთხობელა და ისინი მტრის ხატად გამოჰყავს. იმის ნაცვლად ხალხი ტრანსფორმატორების გაძლიერებას და უკეთეს ინფრასტრუქტურას ითხოვდეს, ჩივიან მაინერები და განვითარება გააჩერეთო. ასეთი მოთხოვნები აბსურდია ნებისმიერ განვითარებულ წრეში. ელ.ენერგიაზე მოხმარება იზრდება, ანუ ცივილიზაციის მოთხოვნები იზრდება. წლები რომ გავა, სვანეთის რაიონი იქნება ერთადერთი, რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც „გონიერთა რეგიონს“, რადგან ერთადერთი იყო, სადაც მაინერების გამოყენება მარტივად შეეძლოთ. არც თბილისი, არც ქუთაისი ან სხვა რეგიონები, სადაც ელ. ენერგიის გადასახადი არის, არ იხდიან იმდენ გადასახადს, რაც მაინერებისთვის შესაბამისია. თავისუფალი ეკონომიკის ზონებში მაგალითად 10-11 თეთრს იხდიან. ამდენს სვანეთშიც გადაიხდიან თუ თავისუფალი ეკონომიკის ზონის სტატუს მიანიჭებენ.
მესამე პრობლემა ჰესებია. ჰესებზე ნებართვა მხოლოდ ნათესავებისთვის და მთავრობასთან დაკავშირებული პირებისთვის აქვთ გაცემული, რომლებიც საბოლოოდ ვალდებულებებს არ ასრულებენ. მდინარეები და ტბები ეკუთვნის სვან ხალხს, რომლებიც იქ ცხოვრობს. სვანეთის მცხოვრებლებს არ უნდა სჭირდებოდეთ ვიღაცის გამონახვა და თხოვნები იმისთვის, რათა მიკროჰესი ააშენონ“,- ამბობს ავთანდილ კუჭავა.
„კრიპტო ბაზრის“ დირექტორის თქმით, მერიის მიერ წარმოჩენილი პრობლემა იმდენად არარეალურია, რომ ყოველი რეიდის შემდეგ „დამნაშავეები“ მხოლოდ ერთეული აპარატის მფლობელები გამოდგნენ.
„ეს ყველაფერი დაამსგავსეს ფონიჭალის ნარკროცენტრად წარმოჩენის თეატრს; მაინერები ფაქტობრივად, ფონიჭალელ კრიმინალებს დაამსგავსეს. რეიდი რამდენჯერაც ჩაატარეს, იმდენჯერ ერთი-ორი აპარატის მქონე მაინერებს შეუვარდნენ. ამ რაოდენობის მაინერი იგივეა, ოთახისა და წყლის გამათბობელი გქონდეს ჩართული მთელი დღის განმავლობაში. ერთი განსხვავებაა, რომ მაინერი ფულს გამოიმუშავებს და ეს თუ არის პრობლემა ქართველი ერისთვის, მაშინ გაცილებით ცუდად გვქონია საქმე“,- აღნიშნა კუჭავამ.