ჭავჭავაძის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე პოლიციის ძალადობის ფონზე ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ტელეკომპანია იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს.
იმედის ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს, სადაც წილოსანი აქციისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ცდილობდა, წილოსანმა თქვა, რომ პროპაგანდისტული იმედისა და საზმაუს წარმომადგენლებს რთულ ვითარებაში უწევდათ მუშაობა.
“მინდა, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ იმედის ჟურნალისტებს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს და ყველა იმ ნამდვილ ჟურნალისტს, რომელიც თქვენს საქმეს ემსახურებით. ვხედავდით აქციაზე აქციის მონაწილეები რამდენად აგრესიულები და სიძულვილით აღსავსენი იყვნენ და რამდენად ხელს უშლიდნენ თქვენს საქმიანობას. მინდა მადლობა გითხრათ მთელი საზოგადოების სახელით, თქვენ ნამდვილად ემსახურებით ინფორმაციის მიწოდებას. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის ფონზე გიწევთ მუშაობა”, – თქვა წილოსანმა.
ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლის დროს პოლიციამ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე იძალადა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არის მთავარი არხის ოპერატორი, რომელიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.