სომხეთში დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებით მოქალაქეების საჩივრები არ წყდება. გამოცემა Hraparak-ის თქმით, ,,ფაშინიანის მოთმინების ფიალა უკვე აივსო”. პრემიერ-მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე, 18 ნოემბერს, საგამოძიებო კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთეს.
„პატივცემულო კოლეგებო, ჩემი მოთმინების ფიალა აივსო. ყველას პირდაპირ გეუბნებით: ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს. ეს აღარ შეიძლება გაგრძელდეს,“ – ციტირებს ფაშინიანის სიტყვებს Armenia Today.
გამოცემა იუწყება, რომ გადამდგარ მაღალჩინოსნებს მალე შს მინისტრი ვაჰე კაზარიანი, ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი სასუნ ხაჩატრიანი, საგამოძიებო კომიტეტის უფროსი არგიშტი კიარამიანი, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე რუსტამ ბადასიანი და ტერიტორიული მართვის მინისტრი გნელ სანოსიანი შეუერთდებიან.
15 ნოემბერს თანამდებობა ასევე დატოვა უმაღლესი სასამართლოს საბჭოს თავმჯდომარემ კარენ ანდრეასიანმა.
Radar Armenia-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მანდატებზე უარის თქმა ფაშინიანის მმართველი პარტიის „სამოქალაქო ხელშეკრულების“ პარლამენტის დეპუტატებს აგაზარიანსა და ზეინალიანსაც მოუწევთ.
Transparency International-ის შეფასებით, კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) სომხეთში 2023 წელს 47-ს შეადგენდა, რაც სრული ერთი პუნქტით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი. როგორც TI-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, თუ ინდექსი 50-ზე დაბალია, ეს მიუთითებს, რომ კორუფცია ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა. „ჩვენ არასდროს გადავსულვართ ამ ზღვარს (50-ზე დაბლა),ახლა სომხეთში სიტუაცია მცირედით გაუარესდა, თუმცა არ არის ისეთივე ცუდი, როგორც რევოლუციამდე პერიოდში იყო,“ – აღნიშნა ვარუჟან ოქტანიანმა.