„ერდოღანი იმედოვნებს, რომ ზელენსკის ომის გაყინვაში დაარწმუნებს“ – Bloomberg

თურქეთის პრეზიდენტი „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული „სამშვიდობო გეგმის“ წარდგენას აპირებს. G20-ის ლიდერების შეხვედრა 18 ნოემბერს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. თურქეთის ლიდერის გეგმაზე Bloomberg-ი წერს. სააგენტოს ინფორმაციით, ერდოღანის წინადადება ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების გაყინვას მხარეების ამჟამინდელ პოზიციებზე. ზელენსკის გამარჯვების გეგმის მთავარი დებულება ომის დასრულებამდე უკრაინის ნატოში მიწვევაა. თურქეთის პრეზიდენტი კი ზელენსკის შესთავაზებს, დათმოს პუტინთან და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა სულ მცირე 10 წლით გადადოს. თურქეთის წინადადება აგრეთვე ითვალისწინებს დემილიტარიზებული ზონის შექმნას აღმოსავლეთ დონბასში, სადაც 2014 წლიდან მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებს. ერდოღანი უკრაინის დამატებითი გარანტიების სახით იქ საერთაშორისო ჯარების განთავსებას შესთავაზებს. თურქეთის ლიდერი ს ასევე სამხედრო მარაგის მიწოდებას სთავაზობს. ეს იქნება „კომპენსაცია“ ნატოსკენ მიმავალ გზაზე უარის თქმისთვის.
სააგენტოს წყაროები აცხადებენ, რომ „ერდოღანს იმედი აქვს, შეძლებს ზელენსკის დარწმუნებას, სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას დათანხმდეს, რადგან მან ნახა დაზვერვის მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ უკრაინამ, შეიძლება, გაცილებით მეტი ტერიტორია დაკარგოს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, თუ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება“.
გარდა ამისა, ევროპელი პოლიტიკოსები უკვე ამბობენ, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მოუწევს რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან კომპრომისზე წასვლა, რადგან „ცხადი გახდა, რომ ვერც ერთი მხარე გადამწყვეტ გამარჯვებას ვერ უზრუნველყოფს.”