ორი წლის შემდეგ შემოვა მეტროს ახალი ვაგონები, რისი დაპირებაც კალაძემ ხუთი წლის წინ გასცა

მერმა ახალი ვაგონების შემოყვანის დაპირება ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, 2019 წლის 15 ოქტომბერს გასცა, თუმცა დღეს, 2024 წლის 18 ნოემბერს, მერიაში ამბობენ, რომ თბილისის მეტროს ახალი შემადგენლობები ეყოლება ორი წლის შემდეგ, 2026 წლის ბოლოს.
„პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს შვიდ წელს, რომლის ფარგლებშიც, 2030 წლის ჩათვლით ეტაპობრივად მოწოდებული იქნება თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (97 ვაგონი)…
მეტროში მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, ჯამში გვესაჭიროება მინიმუმ 212 ვაგონი. შესაბამისად, ეს პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ ჩანაცვლებამდე და უახლოეს წლებში დამატებით შესყიდული იქნება კიდევ 115 ვაგონი“, – თქვა მ.
ტენდერი ახალი ვაგონების შესაძენად 15 ნოემბერს გამოცხადდა, განაცხადების შეტანა კი 15 იანვრიდან დაიწყება.
22 შემადგენლობიდან 13 ოთხვაგონიანი იქნება, ცხრა კი – ხუთვაგონიანი. პროექტის თანადამფინანსებელია „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი“ (AIIB). საორიენტაციო ბიუჯეტი დაახლოებით 200 მლნ ევროა.
2019 წელს, როცა მერიამ მეტროს მატარებლების განახლებაზე დაიწყო საუბარი, 40 ახალი ვაგონის შეძენა 60 მილიონ დოლარად იგეგმებოდა, დაფინანსების წყარო კი იყო „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD).
2021 წლის მარტში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომლისგანაც თბილისს მეტროპოლიტენის 40 ახალი ვაგონი უნდა შეესყიდა 50 მილიონ ევროდ, 2023 წლის 19 მაისიდან სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა. რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილებაც თბილისის მერიამ „მეტროვაგონმაშის“ სანქცირების შემდეგ მიიღო.