მელია: უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ვიდრე ათწლეულების მანძილზე სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, მ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს, სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში.
მისივე თქმით, ახლა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო დადგა.
“ჩვენ გვჯერა, დღევანდელი დღე, დღევანდელი არაორდინალური საპროტესტო შეკრება იქნება, ალბათ, ერთ-ერთ ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური, შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით.
ჩვენ უნდა ვარყიოთ ის, სანამ არ ჩამოვანგრევთ და ქუჩა, გამზირი არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი ახლა ჩვენს ხელთ და ეს პროცესი აღარ შეჩერდება. ეს პროცესი დასრულდება განმარჯვებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას როგორც წარსულის, ასევე, აწმყოს და მომავლის წინაშე. ცივა? მერე რა! გაწვიმდება?! მერე რა! აცივდება?! მერე რა! შეფერხება შევუქმენით ერთმანეთს?! თბილისის ქუჩები გადაიკეტება?! გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ქმნის, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნება. ამიტომ უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში.
მაშასადამე, გელოდებით მეგობრებო, ყველას ამ ლოკაციაზე. გულზე მჯიღის ცემის დრო წავიდა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა. ამ ნაბიჯების გადადგმის დღე დღეს იყო, მაგრამ ეს დღე პირველი დღეა და არა უკანასკნელი”, – განაცხადა მელიამ.
***
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე კარვებში გაათენეს.
გადაადგილება შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით – მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.
მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით განმავლობაში საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით ამარაგებდნენ.