აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.
ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.
აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე ადგილზე ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნებისა და სკამების საშუალებით გზა ჰქონდათ ჩახერგილი.
მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით ამარაგებდნენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებით, მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის – “დაიბრუნე ხმა” მონაწილეებიც.