ვარაზის ხევზე მიმდინარე აქციას, სადაც მოქალაქეები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ზაზა თავაძე გამოჩნდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ “გახარია საქართველოსთვის” ქართველ ხალხთან დგას და იქნება ყველგან, სადაც მოპარულ არჩევნებს გააპროტესტებენ.
“ჩვენი პოლიტიკური ძალა არის იქ, სადაც არის ჩვენი ამომრჩეველი, ქართველი ხალხი და გამოხატავს იმ პროტესტს, რასაც მოპარული არჩევნები ჰქვია. ჩვენ გავაგრძელებთ უწყვეტ პროტესტს ჩვენს ხალხთან ერთად ნებისმიერ ლოკაციაზე. ეს გადაწყვეტილება ჩვენს პოლიტიკურ ძალას მიღებული აქვს და კოორდინაციაშია პრეზიდენტთან”- თქვა თავაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” კონსტიტუციას დაარღვევს, თუ პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტის პირველ სხდომას მაინც დანიშნავს.
კონსტიტუციის 38-ე მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტს აქვს ზე ექსკლუზიური უფლება-მოცილება, რომლითაც მან უნდა დანიშნოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. თუ პრეზიდენტი ამ სხდომას არ დანიშნავს, ქართული ოცნება კი თვითნებობას ჩაიდენს და ამ პირველ სხდომას თვითონ ჩაატარებს, ეს კონსტიტუციის აშკარა დარღვევა იქნება. ამის შემდეგ კი სხვა სამართლებრივი მექანიზმები ჩაირთვება – შესაძლოა, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც წავიდეს.