ჩეხეთში ფოსტით სულ უფრო მეტი ნარკოტიკი შედის

ჩეხეთში ფოსტით სულ უფრო მეტი ნარკოტიკი შემოდის. წელს მებაჟეებმა, 2023 წელთან შედარებით, მესამედით მეტი ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. მათ შორის არის კოკაინი, მარიხუანა და ჩინეთისა და ნიდერლანდების ლაბორატორიებში დამზადებული ახალ სინთეზური ნარკოტიკები. ამასთან დაკავშირებით, ჩეხეთის მთავრობა, დიდი ალბათობით, აკრძალული ნივთიერებების ჩამონათვალს კიდევ 146 დასახელებით გააფართოვებს.
სპეციალური საფოსტო განყოფილებები ამანათებს მთელი მსოფლიოდან იღებენ და ახარისხებენ. ყოველდღიურად მუშავდება ათი ათასი მოზრდილი ამანათი და შვიდი ტონა პატარა ბანდეროლი. ევროკავშირის ფარგლებს გარედან შემოსული გზავნილები საბაჟო კონტროლს ექვემდებარება. თანამშრომლები, უპირველესად, მათ შესახებ წინასწარ მიღებული ინფორმაციის შესაბამისობას ამოწმებენ. მაგალითად, მისამართს ან წონას.
ამის შემდეგ ამანათები მოძრავ ექსკალატორზე თავსდება და რენტგენის აპარატის ქვეშ ხვდება, რომელიც მათ შიგთავსს წარმოაჩენს. ფოსტის მუშაკები და მებაჟეები სულ სულ უფრო ხშირად აწყდებიან უცნობ ნივთიერებებს. ასეთი საეჭვო ამანათები ცალკე მოწმდება. მათი უმეტესობა ლაბორატორიაში იგზავნება.
გზავნილში შეიძლება აღმოჩნდეს ნარკოტიკები, რომელთა მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება ლორწოვან გარსს ზიანი მიაყენონ. ასეთია, მაგალითად, ფენტანილი. ამიტომ, შემოწმების დროს დამცავი აღჭურვილობის გამოყენება აუცილებელი პირობაა.
„ნებისმიერი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ტრანსპორტირება ან იმპორტი სისხლის სამართლის დანაშაულია. ასეთი ტვირთი მთავარი საბაჟო დეპარტამენტის სამძებრო განყოფილებას გადაეცემა, რომელიც ცალკე აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს“, – ამბობს მთავარი საბაჟო დეპარტამენტის პრესმდივანი, ჰანა პრუდიჩოვა.
როდესაც საბაჟო სამსახურს საკმარისი მტკიცებულებები ექნება, ის საქმეს პოლიციას გადასცემს. ყველაზე ხშირად, საუბარია „უმნიშვნელო შემთხვევებზე“. „უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ასეთი ამანათების მიმღებნი არიან ნარკოტიკის შემთხვევითი, ეპიზოდური ან ექსპერიმენტული მომხმარებლები, რომლებიც ნარკოტიკს საკუთარი თავისთვის ან თავისი გარემოცვისთვის ინტერნეტის ან ფარული ინტერნეტის (დარკნეტი) საშუალებით უკვეთავენ“, – აცხადებს ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, იაკუბ ფრიდრიჩი.
ჩეხეთის რესპუბლიკის ნარკოსცენაზე კვლავ მეტამფეტამინი დომინირებს. თუმცა დიდ ბრიტანეთში და უნგრეთში ახალი სინთეზური ნარკოტიკები სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭენ.
წყარო: 1 არხი