12 ნოემბერს, ლიეტუვას პარლამენტმა დაამტკიცა შეზღუდვები აზარტული თამაშების რეკლამაზე, რომელიც მომავალი წლის ივლისიდან შევა ძალაში.
„აზარტული თამაშების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც 2025 წლის ივლისიდან აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს, 73-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა. რეკლამის აკრძალვა, გამონაკლისის სახით, არ ვრცელდება სპორტული შეჯიბრებებსა და ღონისძიებებზე, ასევე სპორტის სპონსორობასა და სპორტული შეჯიბრებების ტრანსლირებაზე. ამ სეგმენტისთვის, 2028 წლის 1 იანვრამდე, გარდამავალი პერიოდი დაწესდება.
დაკარგული სარეკლამო შემოსავლის კომპენსაციის მიზნით, მედია ორგანიზაციებისთვის „მედიის მხარდაჭერის ფონდის“ მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით 4 მილიონ ევრო ჩაირიცხება.
დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტის წინადადებას 2027 წლის ბოლომდე გარდამავალი პერიოდის დაწესების შესახებ, რომლის დროსაც საბუკმეიკერო კანტორებს ტელევიზიით, რადიოთი და ინტერნეტით არაუმეტეს სამი რეკლამის (15 წამზე ნაკლები ხანგრძლიობის) გაშვების უფლება ექნებათ.
ონლაინ მედიისთვის ფსონების რეკლამა (აზარტული თამაშების ოპერატორის ვებსაიტზე პირდაპირი ბმულის გარეშე) შემოიფარგლება სარეკლამო ფართის 20 პროცენტით – 06:00 საათიდან 18:00 საათამდე და 10 პროცენტით – შუაღამემდე.
წყარო: 1tv.ge