18 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.
საბჭოს დღის წესრიგში პირველ საკითხად უკრაინა და მის მიმართ განხორციელებული რუსული აგრესიაა, მეორე საკითხად კი საქართველო.
საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეპ ბორელი უხელმძღვანელებს.
განსახილველი თემები მოიცავს ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება საქართველოს მიმართ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ შექმნილი ვითარების ფონზე და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან შეხვედრებს გამართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაც, რომელიც აცხადებს, რომ „მიტაცებული არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება დღეს ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“:
„ვიბრძვით ცესკოში, ვიბრძვით საერთაშორისო ასპარეზზე, ვიბრძვით სასამართლოში და ვიბრძვით ქუჩაში“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.
უკრაინის და საქართველოს გარდა, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების განსახილველ თემებს შორის არის ევროკავშირი-აშშ ურთიერთობები, აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით. ასევე, მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში.