ენგურის მეორე ნაპირიდან არც ერთი პოლიტიკოსის სოლიდარობა არ გვჭირდება – არძინბა ზურაბიშვილს

15 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
“მინდა დავგმო, რომ დღეს დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როდესაც ითხოვს საქართველოსგან, დათანხმდეს დელიმიტაციას, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს საქართველოს მთავრობის მთელ ლოგიკას, რომ ვითომც და დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს პოლიტიკა. შეაცვლევინო კი არა, ააჩქარებ ამით და ეს ჩანს ყოველდღიურად. ოკუპირებულ აფხაზეთში მცდელობაა, გატარდეს რუსული კანონი და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა და მინდა მათ სოლიდარობა გამოვუხატო”. – თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის სიტყვებს გამოეხმაურა მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ადგურ არძინბა:
“მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ჩვეულებისამებრ თავის მსჯელობებსა და შეფასებებში ხელმძღვანელობს ეროვნული მითოლოგიით და არა რეალობითა და საღი აზრით, რომ ს რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს, მიმართულებებს. განვითარებისა და ეროვნული ინტერესების”.
არძინბას თქმით, გაურკვეველია ვის მიმართ გამოხატავს სოლიდარობას ზურაბიშვილი, რომელსაც “აფხაზეთის აწმყოსა და მომავალზე, ზოგადად ცხოვრებაზე, პოლიტიკასა და მორალზე განსხვავებული შეხედულებები აქვს”.
დე ფაქტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მათი ქმედებები არ არის ანტირუსული და “მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის, ძმური ურთიერთობისა და ურთიერთმხარდაჭერის კურსი უცვლელი რჩება”.
“აფხაზეთის ოპოზიცია შიდაპოლიტიკურ ბრძოლაშია ჩართული, რომელიც აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხის ინტერესებს გამოხატავს. აი ვის ინტერესებს ატარებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის უცნობია და სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არც გვაინტერესებს.
წინ ბევრი საქმე გვაქვს და ენგურის მეორე ნაპირიდან არც ერთი პოლიტიკოსის სოლიდარობა არ გვჭირდება”. – წერს არძინბა.
ადგურ არძიმბა აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერია. წარსულში იკავებდა მარიონეტული რეჟიმის მინისტრთა კაბინეტში ეკონომიკის მინისტრის პოსტს. 2020 წელს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყარა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. თავად მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა სოხუმი დატოვა და პოსტის დატოვებაზე უარს აცხადებს.
საპროტესტო აქციების საბაბი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო კანონი გახდა.ოპოზიციის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ კანონპროექტი რუს ინვესტორებს პრივილეგიებს აძლევს, მათ შორის, განსაზღვრული დროით ათავისუფლებს დღგ-სგან, აძლებს ე.წ. საბაჟო გადასახადის გარეშე მუშაობის საშუალებას და ითვალისწინებს, ოკუპირებულ რეგიონში რუსული ბანკის გახსნას, რომლითაც საინვესტიციო თანხები იმოძრავებს.
წყარო: ტაბულა
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 11 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე მოსმენით „მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა, რასაც ოპოზიციის წინააღმდეგობა მოჰყვა.
აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირების დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დააკავეს, რომელთა შორის ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმახან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია არიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დემონსტრაცია მოჰყვა, რომელშიც დაკავებულთა ახლობლები და თანამოაზრეები მონაწილეობდნენ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით გუმისთის ხიდიც გადაკეტეს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების მიზეზი ოფიციალურად არ გაუჟღერებია. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაკავებები დღეს, 15 ნოემბერს დაგეგმილი მასობრივი აქციის განსამუხტად განხორციელდა.
„მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“ კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ტიპის ქონების სტატუსს განსაზღვრავს. დე ფაქტო კანონი განმარტავს, რომ „მრავალფუნქციური კომპლექსი არასაცხოვრებელი ქონებრივი კომპლექსია, რომელიც შედგება ერთი ან მეტი არასაცხოვრებელი შენობისგან, რომლებიც [თავის მხრივ] შედგება სხვადასხვა ფუნქციური მიზნებისთვის განკუთვნილი, მხოლოდ არასაცხოვრებელი ფართებისგან“. კანონი ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისათვის მიუღებელია, რადგან ის “რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების” იმპლემენტაციისათვის ნიადაგს ამზადებს.
ცნობისთვის, დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება იყო დაგეგმილი. აღნიშნული საკანონმდებლო პროექტი რუსული ინვესტიციებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, რაც რუს ბიზნესმენებს შესაძლებლობას მისცემს, აფხაზეთში უძრავ ქონებას მასობრივად დაეუფლონ. კანონპროექტმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. აფხაზები აცხადებენ, რომ მათთვის კანონი მიუღებელია და ის აფხაზეთში რუსული გავლენების გაზრდას შეუწყობს ხელს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო კონსტიტუცია ადამიანს, რომელიც აფხაზეთის მოქალაქე არ არის, უძრავი ქონების შეძენას უზღუდავს. რუსულ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმება კი სწორედ აღნიშნულ ჩანაწერს აუქმებს და რუს ბიზნესმენებს საინვესტიციოდ ხელსაყრელ გარემოს უქმნის. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორთა კომპანიები დღგ-ის გადასახადისგან ჩადებული ინვესტიციის ამოღებამდე გათავისუფლდებიან, ასევე, არ გადაიხდიან საბაჟო გადასახადს.
საკითხი მრავალი წელია ღიაა და ოკუპანტ სახელმწიფოსთან აფხაზების დაპირისპირების თითქმის ერთადერთ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეკონომიკური პრობლემების გამო რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ფინანსური დახმარება გასულ წელს მინიმუმამდე შეამცირა.
ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა რუსული ინვესტიციების ზრდას საფრთხედ აღიქვამს. მათი შიში აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული ბიზნესების ზრდას ეფუძნება. სწორედ ამიტომ, მოსახლეობის ნაწილი ხელშეკრულების რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.
ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის პარალელურად ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები დე ფაქტო პარლამენტის ეზოში შეიჭრნენ და რატიფიცირების პროცესისთვის მოწვეული სხდომა ჩაშალეს.
პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ პროცესები რუსული სპეცსამსახურების მიერაა ორკესტრირებული და რატიფიცირების თარიღად ს შემდეგი პერიოდიც მიზანმიმართულად შეირჩა. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ივლისში რუსულ-აფხაზურ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული „აპარტამენტების კანონი“ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობამ დე ფაქტო პარლამენტს არ მიაღებინა. აღნიშნული კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების“ შესახებ კანონპროექტის მსგავსად, რუსული ინვესტიციების განხორციელებისათვის ნიადაგის მომზადებას ისახავდა მიზნად.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბჟანიას „ადმინისტრაცია” დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევა უნდა მოყვეს. „მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილზიებისთვის იქნა მიღებული“, – ნათქვამია განცხადებაში.