დედა ენის ბაღში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი ჩატარდა

ექსტრემალური სპორტის ფესტივალი წელს თბილისში დედაენის ბაღში უკვე მესამედ იმართება.
ღონისძიების ორგანიზატორი სამოქალაქო აქტივისტი არსენ მამიტოვია.
როგორც ს მთავრობის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალგაზრდა სპორტსმენი და სამოქალაქო აქტივისტი წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან არის. არსენ მამიტოვი ექსტრემალურ სპორტს მომავალი თაობის სპორტული განვითარებისა და ამავდროულად, ოკუპაციით დაშორებული საზოგადოების გაერთიანების ინსტრუმენტად იყენებს. შესაბამისად, ფესტივალის მისია სცდება საქართველოში სპორტის განვითარებას. ბიემიქსის, სკეიტბორდისა და ექსტრემალური სპორტის სხვა სახეობების მეშვეობით, მამიტოვი მიზნად ისახავს, ქართველი და ოსი ახალგაზრდები სპორტის ირგვლივ გააერთიანოს და ამავდროულად, საკუთარი სამოქალაქო აქტივიზმით წვლილი შეიტანოს შერიგების პროცესში.
“თბილისში 2 წელია ვცხოვრობ. აქ ჩამოსვლის შემდეგ სულ სხვა რეალობა აღმოვაჩინე. მე ვხვდები თუ რამხელა შეცდომაში შეიყვანეს ქართველი და ოსი ხალხი. სანამ თბილისში ჩამოვიდოდი, მამაჩემი მეუბნებოდა არ თქვა, რომ ოსი ხარო, თუმცა, როდესაც იგებენ, რომ ოსი ვარ, ძალიან დიდი სიყვარულით მხვდებიან. ძალიან ბევრმა ადამიანმა შემიწყო ხელი ექსტრემალური სპორტის განვითარებასა და ფესტივალის ჩატარებაში. აგერ უკვე მესამედ ვატარებ და ვაკვირდები როგორ მზარდად პოპულარული ხდება სპორტის ეს სახეობა საქართველოში. წინ დიდი გეგმები მაქვს, მათ შორის ფედერაციის ჩამოყალიბება. მთავარია ხალხს დავანახო სპორტს როგორ შეუძლია გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება”, – აცხადებს არსენ მამიტოვი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპორტის აღნიშნული სახეობების მიმართ ახალგაზრდების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად ფესტივალში მონაწილეთა რიცხვიც მზარდია. დღეს საღამოს “ექსტრემ ფესტის” ახალი გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. წელს ორგანიზატორებმა ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოზარდებიც ჩამოიყვანეს. ესტრემალური სპორტის გულშემატკივრებმა ოს თანამემამულეებს სიმბოლური გზავნილები დედაენის პარკში დამონტაჟებული სპეციალური ბანერის მეშვეობით გაუგზავნეს. “ექსტრემ ფესტი” სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სკეიტბორდის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება.