რუსეთში გერმანიის ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი მიიჩნევს, რომ დემილიტარიზებული ზონების ან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დამდგარა, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ელჩმა Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში განაცხადა.
”ახლა რუსეთი ყოველდღე ბომბავს უკრაინას, ასე რომ, ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, სადაც ამის განხილვა შეგვიძლია”, – აღნიშნა ლამბსდორფმა.
თუმცა, მისი თქმით, ცხადია, რომ ევროპა ითამაშებს გარკვეულ როლს მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნაში, რადგან ეს ასევე ეხება უსაფრთხოებას ევროპაში, გერმანიაში.
“ეს არის ომი ევროპაში და ევროპა მიიღებს მონაწილეობას მის დასრულებაში და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას”, – აღნიშნა ლამბსდორფმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი მომავალ წელს დიპლომატიური გზით დასრულდეს.
„ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
წყარო: ინტერპრესნიუსი