ავსტრალია აპირებს კანონის მიღებას, რომლითაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალებათ

ავსტრალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკის (16 წელი) დაწესების ინიციტივით გამოდის. ახალი დირექტივის თანახმად, ამ შეზღუდვის დაცვაზე პასუხისმგებელნი ონლაინ პლატფორმები უნდა იყვნენ.
„სოციალური ქსელები ჩვენს შვილებს ზიანს აყენებს და მე ამას ყურადღებით ვეკიდები“, – აცხადებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ენტონი ალბანეზე.
სწორედ ამიტომ, ქვეყნის მთავრობას სურს მიიღოს კანონი, რომელიც თამამ ნაბიჯად ფასდება: მინიმალურ ასაკად დაწესდება 16 წელი, რომლის მიღწევის შემდეგაც მოზარდებს სოციალური მედიით სარგებლობა შეეძლებათ.
ალბანეზეს თქმით, საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტს წლევანდელ ბოლო სესიაზე წარედგინება, რომელიც 18 ნოემბერს იწყება, კანონი კი ძალაში მისი მიღებიდან 12 თვის შემდეგ შევა.
ამიტომ, ისეთმა პლატფორმებმა, როგორიცაა „იქსი“ („X“), „ტიკ-ტოკი“ და „ფეისბუკი“, 2024 წლის დარჩენილი პერიოდი იმის დასადგენად უნდა გამოიყენონ, თუ როგორ ჩამოაშორონ 16 წლამდე ასაკის ავსტრალიელი მოზარდები თავიანთ ქსელებს.
„მე ვესაუბრე ათასობით მშობელს, პაპა-ბებიას, დეიდას და ბიძას. მათ, ისევე როგორც მე, აწუხებთ საკუთარი შვილების უსაფრთხოება, როდესაც ისინი ინტერნეტში არიან“, -ამბობს ალბანეზე.
„სოციალური მედიის პლატფორმებს დასჭირდებათ იმის დემონსტრირება, რომ ისინი გონივრულ ზომებს იღებენ მათ ქსელებზე 16 წლამდე ასაკის პირების წვდომის თავიდან ასაცილებლად. ეს ტვირთი მშობლებს ან თავად ახალგაზრდებს არ დაეკისრება“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
ავსტრალიის მთავრობის ინიციატივა მიზნად ისახავს გლობალური მოძრაობის წამოწყებას და „მსოფლიოში წამყვანი“ კანონმდებლობის შექმნას ისეთი ტექნოლოგიების გამოყენების ზედამხედველობისთვის, როგორიცაა სმარტფონები და სოციალური მედია.
„მეტას“ („ფეისბუკის“ და „ინსტაგრამის“ მფლობელი კომპანია – რედ. ) უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანტისტან დევისი ამბობს, რომ მისი კომპანია მზად არის, დაიცვას ნებისმიერი ასაკობრივი შეზღუდვა, რომლის დაწესებასაც ავსტრალიის მთავრობა მოითხოვს.
„თუმცა, საჭიროა საგნობრივი დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს შეზღუდვის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას მდგომარეობა, როდესაც ჩვენ, თითქოს, რაღაც გავაკეთეთ წვდომის შესაჩერებლად, მაგრამ მოზარდები და მშობლები შედეგს ვერ იგრძნობენ და ვითარების გაუმჯობესებას ვერ დაინახავენ“, – ციტირებს დევისის განცხადებას ავსტრალიური გამოცემა NPR.
მისი აზრით, პრობლემის უფრო მარტივი და ეფექტური გადაწყვეტა შეიძლება იყოს „უფრო ძლიერი ხელსაწყოების გამოყენება აპლიკაციების მაღაზიებსა და ოპერაციულ სისტემებში, რათა მშობლებმა გააკონტროლონ, თუ რა აპლიკაციების გამოყენება შეუძლიათ მათ შვილებს“.
„ტიკ-ტოკს“ და „იქსს“ ავსტრალიის მთავრობის ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
მთავარი კითხვაა, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს სოციალურ ქსელებზე წვდომა, რადგან მომხმარებლებს შეუძლიათ, ასაკის შემოწმების მოთხოვნებს გვერდი აუარონ.
ზოგადად, ექსპერტები თანხმდებიან, რომ სოციალურმა მედიამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მაგრამ ბევრი მათგანი აკრძალვის მცდელობების ეფექტურობაში ბოლომდე დარწმუნებული არ არის.
BBC-ის ცნობით, ისინი ამტკიცებენ, რომ „აკრძალვები, იმის ნაცვლად, რომ მოზარდებს რთულ ონლაინ სივრცეებში ნავიგაციასი დაეხმაროს, უკუეფექტს იძლება და „ტიკ-ტოკის“, „ინსტაგრამის“ და „ფეისბუკის“ აპებისკენ უფრო მეტად უბიძგებს“.
წვდომის შეზღუდვას ევროკავშირიც ცდილობდა, მაგრამ მისი ინიციატივები წარუმატებელი აღმოჩნდა და ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან საპასუხო გამოხმაურებაც დაიმსახურა. გარდა ამისა, ჯერ უცნობია, თუ როგორ იმუშავებს ეს სისტემა იმ პირობებში, როდესაც ასაკის გადამოწმების მოთხოვნების გვერდის ავლის ინსტრუმენტები არ არსებობს.
ოქტომბერში ავსტრალიის მთავრობისთვის გაგზავნილ ღია წერილში, რომელსაც ხელს 100-ზე მეტი მეცნიერი და 20 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, ავსტრალიის ბავშვთა უფლებების სამუშაო ჯგუფმა ალბანეზეს, მინიმალური ასაკის დაწესების ნაცვლად, მედია პლატფორმებისთვის „უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა“ შესთავაზა.
ჯგუფის განცხადებით, ონლაინ სივრცის რეგულირებისკენ მიმართული „ეროვნული პოლიტიკის“ მიზანი უნდა იყოს, რომ ბავშვებმა ინტერნეტზე წვდომით სარგებელი მიიღონ და ამავდროულად, ეს წვდომა მათთვის უსაფრთხო იყოს.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი