იტალიის ქალაქ კაპრიში, ძველმანებით მოვაჭრემ საკუთარი სარდაფის დასუფთავებისას ნახატი იპოვა, რომელიც, იტალიელი ექსპერტების მტკიცებით, პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული ორიგინალური პორტრეტი აღმოჩნდა.
როგორც The Guardian-ი წერს, ლუიჯი ლო როსომ, ნახატი 1962 წელს აღმოაჩინა და ის, ტილოში გახვეული, პომპეიში თან წაიღო. როსომ პორტრეტი იაფფასიან ჩარჩოში ჩასვა და, მას შემდეგ, მისაღები ოთახის კედელზე მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეკიდა. ნახატის მფლობელების აზრით, პორტრეტი ფრანგი ფოტოგრაფის/მხატვრის დორა მაარის დამახინჯებული სურათია. ცნობილია, რომ ის პიკასოს მუზა იყო.
“სურათის ზედა მარცხენა კუთხეში გამოსახულია მხატვრის გამორჩეული ხელმოწერა, მაგრამ არ ვიცოდი, ეს თუ პიკასოს ეკუთვნოდა. ეჭვი მხოლოდ მოგვიანებით გამიჩნდა, როდესაც ჩემმა შვილმა ანდრეამ პორტრეტის შესახებ შეკითხვები დამისვა მამიდამისის მიერ მისთვის ნაჩუქარი ხელოვნების ისტორიის ენციკლოპედიის შესწავლის შემდეგ,” – თქვა ლუიჯი ლო როსომ.
საბოლოოდ, ოჯახმა რჩევა ექსპერტთა ჯგუფს სთხოვა, მათ შორის ცნობილ ხელოვნებათმცოდნეს, მაურიციო სერაჩინის.
მრავალწლიანი რთული გამოკვლევების შემდეგ, ჩინზია ალტიერიმ, გრაფოლოგმა და არკადიის ფონდის სამეცნიერო კომიტეტის წევრმა, დაადასტურა, რომ ნახატზე არსებული ხელმოწერა პიკასოს ეკუთვნის. ნამუშევარი 6 მილიონ ევროდ შეფასდა.
“ნახატის გამოკვლევის შემდეგ, ხელმოწერის შესწავლა დამევალა. თვეების განმავლობაში ვმუშაობდი და მას პიკასოს ორიგინალურ ნამუშევრებს ვადარებდი. ეჭვგარეშეა, რომ ეს მისი ხელმოწერაა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ხელმოწერა ყალბია”, – განუცხადა ალტიერმა Guardian-ს.
ლო როსოს ვაჟი ანდრეა, რომელიც ახლა 60 წლისაა, ნახატის წარმოშობით დაინტერესდა.
”მამაჩემი თავდაპირველად კაპრიში ცხოვრობდა და ძველმანებს იაფად გასაყიდად აგროვებდა ხოლმე. ეს ნახატი ჩემს დაბადებამდე იპოვა. მე არ ვიცოდი, ვინ იყო პიკასო. ენციკლოპედიაში პიკასოს ნამუშევრების თვალიერებისას მის ხელმოწერას ამ პორტრეტზე არსებულ ხელმოწერას ვადარებდი. მამაჩემი ვერ ხვდებოდა, რის დადგენას ვცდილობდი. იყო მომენტები, როდესაც დედაჩემს ნახატის გადაგდება სურდა. ის ამბობდა, რომ ეს საშინელი პორტრეტია. საბოლოოდ, ნახატის შესახებ [მალაგაში] პიკასოს ფონდს შევატყობინე და ექსპერტებმა მისი ავთენტურობა დაადასტურეს,” – თქვა ანდრეა ლო როსომ.
პიკასო სამხრეთ იტალიის კუნძულ კაპრის ხშირი სტუმარი იყო. ნახატი, რომელიც საოცრად ჰგავს პაბლოს ნამუშევარს Buste de femme-ს (დორა მაარი), ითვლება, რომ შესრულებული იყო 1930-1936 წლებში. Buste de femme, რომელიც პიკასომ 1938 წელს დახატა, 1999 წელს საუდის არაბეთის შეიხის იახტიდან მოიპარეს და 20 წლის შემდეგ იპოვეს.
წყარო: ibusiness.ge