ათი უმდიდრესი ბიზნესმენიდან რვა ტექნოლოგიურ ინდუსტრიიდანაა – ვინ გახდება მსოფლიოს პირველი ტრილიონერი

ათი უმდიდრესი ბიზნესმენიდან რვა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მუშაობს, თუმცა საინტერესოა, ვინ იქნება პირველი, ვინც ტრილიონერის სტატუსს მოიპოვებს.
კომპანია Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია, ახლახან შეუერთდა იმ ბიზნესმენების ექსკლუზიურ ჯგუფს, რომელთა ქონების ღირებულებაც 200 მილიარდ დოლარს (182,57 მილიარდ ევროს) შეადგენს.
ცუკერბერგი უახლესი წევრია ელიტარული კლუბისა, რომელშიც ტექნოლოგიური ინდუსტრიის კიდევ ორი წარმომადგენელი შედის. ესენი არიან კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და „ტესლას” აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი.
ცუკერბერგის გამდიდრება დიდწილად უკავშირდება კომპანია Meta-ს, რომელიც სოციალური მედიის ქსელების – Facebook-ის, Instagram-ისა და Threads-ის მშობელი კომპანიაა და ასევე პლატფორმა WhatsApp-ს.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, სამი ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენელია. მართლაც, 10 ყველაზე მდიდარი ადამიანიდან რვა ამ სექტორიდანაა. მათ შორის არიან: ლარი ელისონი, Oracle-ის დამაარსებელი, Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი და ლარი პეიჯი, ალფაბეტის, Google-ის ჰოლდინგის თანადამფუძნებელი.
ტექნიკური ინდუსტრია ასევე იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორი, სადაც შვიდი კომპანიიდან ექვსის მოგებამ ტრილიონი დოლარი შეადგინა.
Informa Connect Academy-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, კომპანიების Microsoft-ის, Apple-ის, Nvidia-ს, Alphabet-ისა და Meta-ს ღირებულება 2024 წლის ივლისისთვის 1 ტრილიონ დოლარზე მეტია (918 მილიარდი ევრო).
იმავე მოხსენებაში ასევე გამოიკვლიეს, დღევანდელი მულტიმილიარდერებიდან რომელი მოიპოვებს ტრილიონერის სტატუსს. ამ პროგნოზით, პირველი ტრილიონერი შესაძლოა სულ რაღაც სამ წელიწადში გამოჩნდეს.
ანალიზი ეყრდნობოდა მსოფლიოს 30 უმდიდრესი ბიზნესმენის ქონებრივი ღირებულების მონაცემებს და მათი საშუალო წლიური ზრდის ტემპის გამოთვლებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
მიღებული შედეგები კი გამოიყენეს იმის დასადგენად, თუ ვინ გახდება ტრილიონერი მომდევნო 30 წლის განმავლობაში.
ვინ გახდება მსოფლიოს პირველი ტრილიონერი
სიის სათავეში იყო მასკი, რომელიც 2027 წლისთვის შეიძლება პირველი ტრილიონერი გახდეს. მისი ქონების ღირებულება ყოველწლიურად, საშუალო ტემპით, 109,88 პროცენტით იზრდება.
ილონ მასკს წილი აქვს კომპანია „ტესლასა” და კერძო კოსმოსური რაკეტების მწარმოებელ კომპანია SpaceX-ში.
ის ასევე ფლობს X Corp-ის დაახლოებით 79 პროცენტს. ის მან 2022 წელს 44 მილიარდ დოლარად შეიძინა (დაახლოებით 39,6 მილიარდი ევრო), თუმცა მას შემდეგ მისი ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.
გარდა ამისა, მასკი ასევე ფლობს წილს რამდენიმე სტარტაპში, მათ შორის Neuralink-ში, The Boring Companyსა და xAI-ში.
ილონ მასკს შეიძლება მოჰყვეს გაუტამ ადანი, Adan Group-ის დამფუძნებელი. კომპანია ინდოეთში მდებარეობს. გაუტამ ადანი, სავარაუდოდ, 2028 წლისთვის ტრილიონერის სტატუსს მოიპოვებს.
ფიქრობენ, რომ იმავე წელს ჯენსენ ჰუანგი, ტრილიონდოლარიანი კომპანიის NVIDIA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, გახდება ტექნიკური ინდუსტრიის შემდეგი ტრილიონერი. როგორც ცნობილია, მისი ქონების ღირებულების წლიური ზრდის ტემპი თითქმის 112 პროცენტს შეადგენს.
28 ბიზნესმენიდან, რომლებზეც ვარაუდობენ, რომ მომდევნო 30 წლის განმავლობაში ტრილიონერები გახდებიან, 11 (დაახლოებით 40 პროცენტი) ტექნოლოგიური სფეროდანაა.
ცნობისთვის, International Data Corporation(IDC) – ის ანალიტიკური ანგარიშის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში ბიზნესის განვითარების მთლიანი გლობალური ეკონომიკური ეფექტი იქნება დაახლოებით 19,9 ტრილიონი დოლარი 2030 წლამდე.
IDC-ის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის სექტორის წილი 2030 წელს გლობალური მშპ-ის 3.5% იქნება. IDC-ის ანალიტიკოსები ითვალისწინებენ იმ ხარჯებს, რომლებსაც კომპანიები ხარჯავენ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების დანერგვის, არსებული ოპერაციების გამოყენებისა და ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ორგანიზაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ყოველი $1 ბიზნეს ინვესტიცია AI გადაწყვეტილებებსა და სერვისებში გამოიმუშავებს $4.6 გლობალურ მშპ-ში პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედებით.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია