ავსტრიამ შესაძლოა, გააუქმოს ვეტო ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის სივრცეში გაწევრების შესახებ

ავსტრიამ შესაძლოა შეცვალოს მიდგომა ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის სივრცეში გაწევრების შესახებ.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერჰარდ კარნერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ავსტრიის მთავრობა აპირებს გადახედოს ვეტოს, რომელიც ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრებას ეხება.
ავსტრია ორი წელია ეწინააღმდეგება, ამ ორი ქვეყნის შენგენის სივრცეში მიღებას. ავსტრიამ ეს საკითხი ოფიციალურად არაერთხელ დაბლოკა კიდეც.
ქვეყნის მთავრობის არგუმენტი მიგრანტთა დიდი რაოდენობა იყო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, თუმცა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი, კარნერი აცხადებს, რომ მიგრანტთა კრიზისი შედარებით შემსუბუქდა და შესაძლებელია ბულგარეთის და რუმინეთის შესახებ მოლაპარაკებების განახლება.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი გერჰარდ კარნერი აცხადებს, რომ შენგენთან დაკავშირებული ვეტო მართებული იყო და რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვანი. თუმცა მისი თქმით ახლა ხედავენ, რომ ამ ქვეყნებიდან არალეგალი მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზას ადგანან, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
გერჰარდ კარნერი დასძენს, რომ სწორედ ამიტომაც მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და განხილვები, იმის შესახებ, თუ როგორ გადაწყდეს საკითხი.
2024 წლის დასაწყისში ბულგარეთმა და რუმინეთმა შენგენის სივრცის ნაწილობრივი წევრობა მიიღეს მას შემდეგ, რაც იქ საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე შემოწმებები გაუქმდა. ავსტრიის, ბულგარეთისა და რუმინეთის წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად ერთმანეთს 22 ნოემბერს, ბუდაპეშტში შეხვდებიან.