ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენელმა, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირთაძემ განაცხადა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მისამართით შავი სითხის შესხმით მან გულწრფელი პროტესტი გამოხატა. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
კირთაძის თქმით, მისი ეს ქმედება სოლიდარობა იყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული ხმა მოპარეს.
“ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გამოვხატე კალანდარიშვილის მიმართ. ეს იყო სოლიდარობა იმ ქართველი ხალხისა და სტუდენტების მიმართ, რომლებმაც ხმა დაკარგეს და კალანდარიშვილის მოპარული ხმა ჩვენი ამომრჩევლის რეალობას არ ასახავს.
თქვენ ნახეთ თვალახვეული კალანდარიშვილი, რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ზუსტად ასე იყო თვალახვეული და ვერ ხედავდა არჩევნების დღეს იმ დარღვევებს, იმ ცემა-ტყეპას, იმ დაშინებას, იმ მოსყიდვას, რაც არჩევნების პროცესში მიმდინარეობდა.
მე, ამიტომ, ყველა ქართველ ადამიანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ დღეს ზუსტად ბრძოლის დროა, რადგან ჩვენი საქართველო გარუსებისგან გადავარჩინოთ”, – განაცხადა კირთაძემ.
**
16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოეცხადებინათ, კომისიის წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა.
კირთაძემ კალანდარიშვილს შავი სითხე მას შემდეგ შეასხა, რაც ამ უკანასკნელმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით გამოძიება დაიწყეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.
ცესკო-მ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაარტყეს. 16 ნოემბრიდან დაიწყო 10-დღიანი პერიოდის ათვლა, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.
სხდომის პარალელურად ცესკო-ს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ და ცესკოს უნდობლობას უცხადებდნენ.
“შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, დასრულებულია საარჩევნო პერიოდი”, – თქვა კალანდარიშვილმა.