„დამზადებულია რუსეთში“ – ამ წარწერით ქართული მაღაზიების დახლებზე სხვადასხვა სახეობის უამრავ პროდუქტს შეხვდებით. მოქალაქეებს ვკითხეთ, რამდენად შესამჩნევია რუსული პროდუქციის გაზრდილი რაოდენობა.
„ძალიან ხშირად მხვდება. მაგალითად, დღეს ვიყიდე შოკოლადის ფილე და აშკარად რუსული იყო. თან თვითონ რუსული პროდუქციის წინააღმდეგი ვარ, არ ვენდობისავით, უფრო ევროპული მირჩევნია რატომღაც. უფრო ძვირია სხვა ქვეყნის პროდუქცია, ეგ შედარებით იაფია და ამიტომ გვაქვს“ – ამბობს თეკლა მიქაუტაძე.
„ვცდილობ, რუსული უფრო ნაკლებად ვიყიდო, ვიდრე დავუშვათ ევროპული, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ქართული პროდუქცია ვიყიდო. რაც უფრო მეტი ქართული პროდუქცია იქნება, ჩემთვის უკეთესი იქნება. ფუფუნება არ გვაქვს, სამწუხაროდ. თუმცა ბოლო პერიოდში უფრო მეტი არჩევანის საშუალება გაჩნდა“, – ამბობს გიორგი ჯიქია.
„დიდი არჩევანი არ გვაქვს, მაგრამ რომც გვქონდეს, ევროპული და უკეთესი პროდუქტი, რა თქმა უნდა, უფრო ძვირია. მე შეიძლება მივიდე და ავარჩიო უკეთესი პროდუქტი, მაგრამ ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ამიტომ აღარ აკვირდებიან, გინდა რუსული იყოს, გინდა არა, უკვე გადარჩენაზეა აქ საუბარი“, – ამბობს საბა კიკალეიშვილი.
„რუსულ პროდუქციას დაბალი ფასის გამო იყენებენ, მაგრამ ალტერნატივა მართლა არ არის. უნდა გქონდეს რეალურად ამის ფუფუნება, რომ თავი აარიდო რუსულ პროდუქტებს და ზოგჯერ გადაიხადო შედარებით ძვირი. ხშირად სულაც არ არის პატარა განსხვავება“, – ამბობს გიორგი სამსიანი.
განსხვავება მცირე, მართლაც, არ არის. რუსული პროდუქციის შედარებით დაბალ ფასებს გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. თუმცა არსებობს კითხვის ნიშნები, რამდენად ხარისხიანია რუსეთში დამზადებული პროდუქტი.
„რუსული პროდუქციის, განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, ჭამა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. მას არ აქვს ისეთი პროცედურები გავლილი, როგორსაც ევროპაში გადის ხორცპროდუქტები და რძის პროდუქტები. რუსეთში ეს უფრო მარტივად ხდება, არ აქვთ ეს სტანდარტები, კორუფციაა და ესეც აიაფებს პროდუქციის წარმოებას. დაბალი ხარისხი და ტრანსპორტირების დაბალი ხარჯი განაპირობებს დაბალ ფასებს“, – ამბობს ბესო ნამჩავაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მთავარი ეკონომისტი.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში რუსეთიდან 300 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საკვები პროდუქტი და სასმელი შემოვიდა. თუ ამ რიცხვს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე პერიოდს, ანუ 2021 წლის იანვარ-სექტემბერს შევადარებთ, მაჩვენებელი თითქმის 100 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. რუსული პროდუქციის იმპორტი საქართველოში განსაკუთრებით სწორედ მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა.
„რუსეთს იმდენად ხელმისაწვდომობა აღარ აქვს ევროპის ბაზარზე, გარდა იმისა, რომ სანქციებია, ტრანსპორტირებაც უჭირს და ა.შ. ზოგადად, რუსეთზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება არის საფრთხის შემცველი, რადგან რუსეთი ბიზნესკავშირებს, ეკონომიკურ კავშირებს იყენებს, როგორც პოლიტიკურ ბერკეტს“, – განმარტავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მთავარი ეკონომისტი.
ბესო ნამჩავაძე ასევე ამბობს, რომ რუსულ პროდუქტზე მოთხოვნის ზრდას საქართველოში მცხოვრები ასი ათასამდე რუსი ემიგრანტიც განაპირობებს.
ყველაზე მეტად საქართველო მაინც რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული. საქართველოში შემოსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის უდიდესი წილი რუსეთზე მოდის. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს რუსეთიდან 92 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი და ფქვილი შემოვიდა, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლისა და ფქვილის 97% იყო.
„წელს კარგი წელი იყო, საქართველოში იყო ყველაზე დიდი მოსავალი გასულ წლებთან შედარებით. მოვიდა იყო 200 ათასი ტონა ხორბალი, საქართველოს სულ სჭირდება 700 ათასი, 700-დან 750 ათას ტონამდე. ყველაზე დიდი რაოდენობით შემოდის რუსული პროდუქცია. ალბათ სამი-ოთხი წელი მაინც სჭირდება საქართველოს, რომ თავისი რაოდენობის ნახევარი მაინც შეასრულოს და აწარმოოს“, – აცხადებს მალხაზ დოლიძე, „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე.
საქსტატის მონაცემებით, პროდუქციის იმპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. საკვები პროდუქტისა და სასმლის კატეგორიაში იმავე 2021 წელთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქტის რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა.
წყარო: euronewsgeorgia