კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იმყოფებოდა, საიდანაც მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
მისი თქმით, სამარცხვინოა პოლიციით გადაკეტილი და ჩახერგილი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ნახვა და ეს რუსული ოკუპაციის ხელწერაა.
„თსუ-ის ეზოდან გამარჯობა, აქ მოვედი მას შემდეგ რაც გავიგე, რას აკეთებს პოლიცია, როგორ მოიყვანეს აქ და ჩაკეტეს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე ვარ თსუ-ელი, ეს არის ჩემი ალმა მატერი და მინდა გითხრათ, რომ სამარცხვინოა პოლიციით გადაკეტილი და ჩახერგილი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ნახვა. აი, თუ რამე საქართველოს ისტორიაში მეტყველებს საბჭოთა და რუსულ ხელწერაზე ეს არის ეს. ეს არის შიში, თავისუფალი კერის, შიში განათლების, შიში დისკუსიის, შიში კითხვების, შიში ახალგაზრდების. მართლაც რამდენჯერ მოხდა საქართველოს ისტორიაში, რაც მე მახსოვს 90-იანი წლებიდან, რომ პოლიციამ დაკეტა, გადაკეტა თსუ-ის შენობა. ახლა აქ პოლიციის შემოყვანა არის ჩვეულებრივი ბოლშევიზმი, თან ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას, ნუ აღებინებთ მეორე კლასელების დონის ინტელექტის მქონე ადამიანებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ, პოლიცია კიდევ უფრო აღიზიანებს ხალხს. ყველა კვლევა არის ამაზე დადებული. აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ აქ კიდევ მეტი ახალგაზრდა იქნება, იმიტომ რომ ეს, აი, ეს ყოფა არის სრულიად მიუღებელი, რა ყოფაც არის დღეს აქ, რომ სადაც უნდა იყვნენ ახალგაზრდები და პროფესორები და ლექტორები, ეს ადგილი – ივანე ჯავახიშვილის, მუსხელიშვილის და სხვების კერა, გამოჭედილია პოლიციით. აი, ეს არის თქვენი ხელწერა, თქვენ მართლა ბოლშევიკებო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.