ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები დე ფაქტო პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ამასთან, მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც დაიკავეს. როგორც ტელეგრამ არხებით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, მოქალაქეები შენობის დერეფანში წინააღმდეგობის გარეშე გადაადგილდებიან.
ტელეგრამ არხი Respublica წერს, რომ სამართალდამცავები არ ჩანან და დემონსტრანტებს წინააღმდეგობას არავინ უწევს.
დღეს დილიდან სოხუმში დაძაბული ვითარებაა. პროტესტის მონაწილეებმა დე ფაქტო პარლამენტის წინ ჭიშკარი მანქანის საშუალებით ჩამოიღეს და ტერიტორიაზე შევიდნენ. იყო ფიზიკური დაპირისპირება დემონსტრანტებსა და ძალოვან უწყებებს შორის, მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს.