საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება-2024“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის – „ხელისუფლება და საზოგადოება – ისტორია, თეორია, პრაქტიკა“ – ორგანიზებით, ყოველწლიური, რიგით მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება-2024“ გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს და თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ კონფერენციაში, ქართველი მეცნიერების გარდა, Zoom პლატფორმის მეშვეობით, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები მონაწილეობენ.
როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, საჯარო მმართველობა საქართველოში შედარებით ახალი დარგია, თუმცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სფეროში საგანმანათლებლო პროგრამა დანერგა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მრავალი წარმატებისა და სიახლის შემოქმედია. დიდია მისი წვლილი მეცნიერების განვითარებაში, ერთ-ერთი დასტური კი დღევანდელი კონფერენციაა, რომელმაც მეთვრამეტედ შეკრიბა მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რათა ფორუმზე წარმოადგინონ სამეცნიერო საქმიანობის შედეგები ისეთ ურთულეს დარგში, როგორიცაა საჯარო მმართველობა და განიხილონ სახელმწიფოსა და საზოგადოების თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი პრობლემები. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ დღეისათვის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორთა შემადგენლობის 60% სწორედ საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულია. საჯარო მმართველობის დოქტორანტებმა მრავალჯერ მოიპოვეს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი, რითაც საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ საზღვარგარეთის საჯარო მმართველობის პრაქტიკას. საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკას გადიან გერმანიაში და განსაკუთრებით, აქტიური თანამშრომლობა აკავშირებთ ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან. ამ უნივერსიტეტის პროფესორი ვილჰელმ ჰოიზერი, ასევე, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და საპატიო დოქტორი. ბატონი ვილჰელმ ჰოიზერი, სხვა გერმანელ კოლეგებთან ერთად, თითქმის ყოველ წელს ჩამოდის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და, ასევე, საჯარო ლექციების ჩასატარებლად. მას მიჰყავს სასწავლო კურსი მაგისტრატურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ხოლო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, შტეფან ჰუტერი, საჯარო მმართველობის ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელია. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდი პატივისცემით მივესალმები კონფერენციის მონაწილეებს, მადლიერებით მივმართავ ორგანიზატორებს, დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს და წარმატებას ვუსურვებ დღევანდელ ფორუმს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელიც მიესალმა.
„წელს კონფერენციაზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის უცხოელი მეცნიერების. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, გამოვა შრომების კრებული, რომელსაც ექნება საერთაშორისო ინდექსი – ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვილჰელმ ჰოიზერმა, კონფერენციის ორგანიზატორებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო მონაწილეებს წარმატებები უსურვა. როგორც ვილჰელმ ჰოიზერმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ზარლაანის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს, რაც საშუალებას იძლევა ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა, ასევე, სტუდენტებმა ერთობლივი კვლევები აწარმოონ.
სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის მუშაობა სექციურ ფორმატში გაგრძელდა. მომხსენებლები 3 სექციად განაწილდნენ: საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია; პოლიტიკა და კულტურა; საჯარო მმართველობის ეკონომიკური საკითხები და სამართლებრივი ბაზა.