„ინნ ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ტურიზმში დადებითი სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად, მთლიანად სექტორი ისეთი შემოსავლიანი არ არის, როგორც ეს პანდემიამდელ პერიოდში 2019 წელს იყო. ამის შესახებ ერეკლე კოკაიამ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
მისი თქმით, ტურიზმში გაზრდილ შემოსავლებზეა საუბრისას, გასათვალისწინებელია, რამდენად გაიზარდა შემოსავლები ხარჯებთან მიმართებით.
„ერთია სტატისტიკური მონაცემები, მეორე კი ამ მონაცემების სწორი ანალიზი. თუ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს 2019 წლის შემოსავლებს შევადარებთ, დიახ, რიცხვი გაზრდილია, თუმცა რამდენად კარგად აისახა ეს სექტორზე და რამდენად ჯანსაღია დარგი, სამწუხაროდ ამ მხრივ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ბიზნესის ხარჯი 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია, იქნება ეს კომუნალურები, ხელფასები თუ პროდუქციის ხარჯი, ხოლო შემოსავალი ორჯერ მეტად არ არის გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია ისეთივე შემოსავლიანი არ არის, და აქ საუბარი არ მაქვს მხოლოდ სასტუმროებზე, ზოგადად დარგს ვგულისხმობ, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა. იმისთვის რომ დავეწიოთ ისეთივე ჯანსაღ გარემოს ტურიზმის ინდუსტრიაში, როგორიც ადრე იყო, საჭიროა არამხოლოდ ფასების, არამედ მოთხოვნის ზრდა, საჭიროა უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლა, რადგან ქვეყანაში ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალი სასტუმრო გაიხსნას. უნდა ვეცადოთ რომ მოთხოვნა მიწოდება დაეწიოს“, – განმარტავს ერეკლე კოკაია.
2024 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკამ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 6%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის 9 თვის [2.583 მილიარდი დოლარი] შემოსავლებს 34%-ით აღემატება. ამავე პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 5,043,663 ვიზიტი აღირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 4.5%-ით არის მომატებული, თუმცა 9 თვეში საქართველოში ტურიზმი პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით სრულად არ აღმდგარა და 2019 წლის ვიზიტების რაოდენობას 15.6%-ით ჩამორჩება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს აღდგენა მხოლოდ 84.4%-ია.