“სამწუხაროდ, საქართველოში [ლოკოკინის] ბიზნესმა არ გაამართლა”, – ამის შესახებ BM.GE-სთან რესტორატორმა და ფერმერმა, შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ფერმის მოსაწყობად და ლოკოკინების ფერმის გასაშენებლად დიდი ინვესტიციაა საჭირო. შედეგად, არასწორმა სტრატეგიებმა, ამ სფეროზე გაბრაზებული ბევრი ფერმერის არსებობა განაპირობა.
„ნებისმიერი ბიზნესის წარმოებისას საჭიროა ბიზნესის და გარკვეული ტრადიციის ცოდნა. ან მინიმუმ, იმ ადამიანებისგან დარიგების მიღება, ვინც ამ ტრადიციას ფლობს ან ბიზნესს მართავს. საქართველოში სამწუხაროდ [ლოკოკინის] ბიზნესმა არ გაამართლა. იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულწილად არასწორად იქნა აღქმული სტრატეგიების შერჩეული. ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული და ეს ბიზნესი წარმოდგენილი და აღქმული იქნა, მოკლევადიანი წარმატების მიმართულება. წარმოჩენილი იყო, რომ მცირედი ინვესტიციის საფუძველზე შეიძლებოდა მოკლევადიან პერიოდში წარმატება მიიღწეოდა. შესაბამისად, არასწორმა დაგეგმვამ და მოლოდინმა მოიტანა ის, რომ ხშირ შემთხვევაში ამ ბიზნესმა ის მოლოდინი ვერ გაამართლა, რომელიც იყო თავიდანვე.
ლოკოკინის ბიზნესი წარმოდგენილი იყო, როგორც „გამრავლდეს ლოკოკინა და გაყიდო“. თუმცა ამ პროდუქტსაც აქვს ისეთივე მოვლის საჭიროება, როგორც ცხოველს ან წარმოებაში მყოფ სოფლის მეურნეობის პროდუქტს სჭირდება. წარმოებისთვის დიდი ინვესტიციაა საჭირო. მცირე ინვესტიციით ამ პროდუქტს ვერ აწარმოებ. შესაბამისად, დღეს გვაქვს სამწუხაროდ უარყოფითი შედეგი და ამ სფეროზე ბევრი გაბრაზებული ადამიანი“,- ამბობს შოთა ბურჯანაძე.
მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ლოკოკინის ხორცზე, ისე ლორწოზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ქვეყნები ამ პროდუქტს ფარმაკოლოგიაში, კოსმეტიკის წარმოებასა თუ საკვებად აქტიურად გამოიყენებენ.
ბურჯანაძე დასძენს, რომ დღეს, თუ ვინმეს ამ ბიზნესში შესვლის სურვილი ექნება, მინიმუმ მილიონიან ინვესტიციაზე უნდა იფიქროს და 5-6 წლის განმავლობაში რაიმე სარგებლის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.