ანა წითლიძე – ოთხივე პარტიას ნათქვამი აქვს, რომ არ შევლენ პარლამენტში – შესაბამისად, ვინ, როდის დაწერს განცხადებას, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან, ეს მნიშვნელოვანი არ არის

ოთხივე პარტიას ნათქვამი აქვს, რომ ისინი პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ და არ შევლენ პარლამენტში – შესაბამისად, ვინ, როდის დაწერს განცხადებას, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან, ეს მნიშვნელოვანი არ არის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ისინი ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ რესურსს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია და ოპოზიცია ამ პარლამენტში არ იყოს.
„პარლამენტში შესვლა-არშესვლის პროცესი არის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პროცესი. შესაბამისად, ჩვენ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია და ოპოზიცია ამ პარლამენტში არ იყოს. არაერთხელ გვითქვამს, რომ იმდენ განცხადებას გავაკეთებთ, რამდენიც დასჭირდება იმას, რომ უფლებამოსილება ცნობილი არ იყოს. იცით, რომ -ს მივმართეთ რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. თუ ცესკო არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, შემდეგ ჩვენ პარლამენტსაც მივმართავთ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. აქ ყველაზე მთავარია არა ის ნიუანსები, არამედ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ოთხივე პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო“, – განაცხადა წითლიძემ.
ანა წითლიძის აზრით, საპარლამენტო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით „ძლიერი საქართველოდან“ და „გახარია საქართველოდან“ სხვა პოზიციებს არ მოისმენენ.
„ოპოზიციური პარტიები თვითონ განსაზღვრავენ თავიანთ ქმედით ნაბიჯებს. ეს ძალიან დიდ სურათში წვრილმანი დეტალებია, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად ვიცით ოპოზიციური ერთობის ფასი. ოთხივე პარტიას [„გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“] ნათქვამი აქვს, რომ ისინი პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ და არ შევლენ პარლამენტში – შესაბამისად, ვის, როდის დაწერს განცხადებას, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან, ეს მნიშვნელოვანი არ არის იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რომელშიც ახლა არის ქვეყანა. მე არ მგონია, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებში, „ძლიერი საქართველოდან“ და „გახარია საქართველოდან“ სხვა პოზიცია მოვისმინოთ. მათ ნათქვამი აქვთ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ და პარლამენტში არ შედიან“, – განაცხადა წითლიძემ.
ცნობისთვის, 12 ნოემბერს, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს.