26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან , – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ისარგებლა უთანასწორო “სათამაშო ველით” და გამოიყენა საკუთარი მნიშვნელოვანი რესურსები და “ომის შიში”, როდესაც საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც “მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა” შეუძლია.
მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს არჩევნებში სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის, რადგან მისივე თქმით, დელეგაციამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა მათ „დაშინების კლიმატისა და ზეწოლის შესახებ“.
“26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცა ხმა. სამწუხაროდ, ეს არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. დარღვევები აღინიშნებოდა, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, საარჩევნო დღეს.
მინდა ამ დებატების შესაძლებლობა გამოვიყენო, უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ ჩვენი გულწრფელი მადლობა გამოვხატოთ ამ პარლამენტის მიმართ, რომლის 7 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია ხუთ ქვეყანას, ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდა და არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდა. თქვენმა დელეგაციამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცა დაშინების კლიმატისა და ზეწოლის შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში აღინიშნებოდა.
საშუალება მომეცით თავიდანვე ეს ხმამაღლა და ცხადად ვთქვა: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. მმართველმა პარტიამ ისარგებლა უთანასწორო “სათამაშო ველით”, მან გამოიყენა მისი მნიშვნელოვანი რესურსები და ომის შიში, როდესაც საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც “მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა” შეუძლია”, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.