ცესკო – საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა

ცენტრალური საარჩევნო კომისია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
განცხადებაში აღნიშნავს, რომ საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა.
„როგორც საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, ქეთევან თურაზაშვილის მამის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების მიზეზად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება. სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე პირდაპირ ზეწოლას წარმოადგენს.
თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კომისიის წევრის მიერ გამოიკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საკითხს და შეისწავლის სათანადო რეაგირება ექნება.
საარჩევნო ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს ქეთევან თურაზაშვილს, დაელოდოს დაწყებულ გამოძიებაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას,“ – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
თურაზაშვილი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მამის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, ჯაფარიძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ის კვლავ თანამდებობაზე რჩება და საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულიც კი არ არის.